მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

ეკონომიკური მოვლენები

გთავაზობთ გასული კვირის (2 -8 სექტემბერი) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:

2 სექტემბერს, 18:00 საათზე, ე.წ. რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა:

"რუსული კანონის" თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, სწორედ 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის სურვილი 476-მა ორგანიზაციამ გამოხატა. რეესტრი ამ დროისთვის საჯარო არ არის.

ქართული ბანკების მთლიანი აქტივები ₾86.8 მილიარდია:

ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის კაპიტალი 13 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15%-ია.

აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო:

2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9%-ით განისაზღვრა.

"შესყიდვების შესახებ" ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა:

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, 2027 წლის 1 იანვარი განისაზღვრა - პარლამენტმა დაჩქარებული წესით შესულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა მომავალი წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. ცვლილებების 2 წლით გადავადების მიზეზად ის ასამდე შენიშვნა და კომენტარი დასახელდა, რომელიც ჩარჩო კანონთან მიმართებით ევროსტრუქტურებს ჰქონდათ. კანონი, რომლის ამოქმედების ვადაც 2 წლით გადავადდა.

სებ-მა სარეზოლუციო ფონდის შექმნის ბრძანება გამოსცა - ბანკები შენატანების გაკეთებას 2025 წლიდან დაიწყებენ:

საბანკო სექტორი კიდევ ერთი ახალი ბუფერის შექმნას მომდევნო წლიდან დაიწყებს. საქმე სარეზოლუციო ფონდს ეხება, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყარო იქნება. სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება დღეს ამოქმედდა. ბანკებმა შენატანების განხორციელება 2025 წლიდან უნდა დაიწყონ. დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა 8 წელში, 2033 წლამდე უნდა მიაღწიოს, თუმცა ეს ვადა, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ფონდში არსებული თანხა იქნება გამოყენებული ან გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი.

საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის ევროკავშირმა ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერა:

„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ (CCG) 4-წლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება. ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები