მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში - 1-8 თებერვალი

S&P Global

გთავაზობთ 2026 წლის 1-8 თებერვლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში.

S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. S&P-ის თანახმად, შეფასება ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს, რასაც ნაწილობრივ აკომპენსირებს მისი დამოკიდებულება პოტენციურად დროებით მამოძრავებელ ფაქტორებზე, კერძოდ, მიგრაციასთან დაკავშირებულ შემოდინებებსა და მოკლევადიან კაპიტალის შემოდინებებზე. შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკა დაბალი ინფლაციის პარალელურად ეკონომიკის მაღალ ზრდას აგრძელებს. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ზოგადი მთავრობის დეფიციტი ზომიერი დარჩება და 2026-2029 წლებში მშპ-ს საშუალოდ დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რეზერვები 2019 წლიდან თითქმის გაორმაგდა, რაც ასახავს მიგრაციის, კაპიტალის შემოდინებისა და სატრანზიტო ვაჭრობის ზრდას, ზრდის სტიმულირებას და ფისკალური და საგარეო შედეგების გაძლიერებას. სარეიტიგნო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკა კვლავ პოლარიზებულია და აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები მთელი რიგი ფაქტორების გამო რთულდება. სწორედ ესაა ფაქტორი, რომელმპაც პოტენციურად რეიტინგის გაუარესება შეიძლება განაპირობოს კერძოდ, თუ პოლიტიკური დაძაბულობა იმდენად გამწვავდება, რომ ინვესტორების ნდობა შეირყევა და საქართველოს ზრდის პერსპექტივა შესუსტდება.

მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს

მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს - აღნიშნული მთავრობის მიერ პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. 7 თებერვალს კი აღნიშნული დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მისი განმარტებით მოხდება "საქართველოს განვითარების ფონდის" და პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შერწყმა და ის ეკონომიკის განვითარებისთვის ბანკის მსგავს ფუნქციებს შეასრულებს.

ჯერჯერობით პროექტის შესახებ მეტი დეტალი ცნობილი არაა.

მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდს" აუქმებს

საქართველოს მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციას გეგმავს - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში. აღნიშნულ ფონდს მისი რეორგანიზაციის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა. ფონდი წლების განმავლობაში - 2023 წლის მაისამდე "საპარტნიორო ფონდის" სახელით ოპერირებდა, თავდაპირველად მის შემადგენლობაში რამდენიმე სისტემური მნიშვნელობის სახელმწიფო კომპანია - "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "სახელმწიფო ელექტროსისტემა" და "ესკო" შედიოდნენ, თუმცა რეფორმირების პროცესის შედეგად ფონდის აქტივები მნიშვნელოვნად შემცირდა, ახლა კი ის გაუქმდება.

საქართველოს სავალუტო რეზერვები $6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 141 მილიონი დოლარით, 6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთწლიან ჭრილში კი სავალუტო რეზერვები 1.86 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც როგორც სებ-ის მიერ განხორციელებულ წმინდა შესყიდვებს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით, 1.14 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთწლიან ჭრილში კი ოქროს რეზერვების მოცულობა 498 მილიონი დოლარით გაიზარდა. ჯერჯერობით სებ-ის მიერ იანვრის განმავლობაში უცხოური ვალუტის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა, მას სებ-ი 25 თებერვალს გაასაჯაროებს.

იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. ეს 0.8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე დეკემბრის ინფლაცია. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის მომატებული, ასევე 8.3%-ით გაიზარდა ჯანდაცვის ღირებულება, რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში კი ფასები წლიურად 8.1%-ით არის მომატებული. უფრო დეტალურად ინფლაცია ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი).

კვერცხის მწარმოებლებმა ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

6 თებერვალს კვერცხის მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ - ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ პროდუქტის გაიაფებაზე პრემიერის ინიციატივის საპასუხოდ, მათი წარმოების კვერცხი 5%-ით გაიაფდება. მანამდე, წლის დასაწყისში, კვერცხის მწარმოებლები bm.ge-სთან ამ პროდუქტის, საშუალოდ, 2 თეთრით გაძვირებაზე საუბრობდნენ.

"ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც", - ასე გამოეხმაურა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვერცხის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის მიერ პროდუქტის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილებას. "ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე", - თქვა მან.

"რუსთავის აზოტის" თანამშრომელთა გაფიცვა დასრულდა - კომპანიას და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა

სს “რუსთავის აზოტში” აცხადებენ, რომ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განახლებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები სამუშაო პროცესს უბრუნდებიან.

„8-დღიანი გაფიცვის ფონზე სს „რუსთავის აზოტსა“ და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა და მიღწეულია შეთანხმება.

გაფიცვა დასრულებულია და თანამშრომლები უბრუნდებიან სამუშაო პროცესს. საწარმოს საქმიანობა ეტაპობრივად სრულად განახლდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ტელეიმედის" ჰოლდინგი 1000 ლარად გაიყიდა

ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის გაიყიდა - ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგის ახლა უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა.

კომპანია „ტელეიმედის“ მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილების გასხვისების შესახებ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 6 თებერვალს აისახა. თავის მხრივ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული "მედია ფაინენს გრუპი" იყო, რომლის აქციონერებიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე და მისი პარტნიორები - იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი არიან. ისინი ასევე ფლობენ "ლიბერთი ბანკს" და "ჰანიველ ცემენტის" საკონტროლო პაკეტს.

"მყიდველი, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იძენს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან წილს. ნასყიდობის ფასი, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია სიმბოლურ ოდენობად - 1 000 (ათასი) ლარი", - წერია GCCA-ის კონცენტრაციის შესახებ გაცემულ გადაწყვეტილებაში. სააგენტოში „პრაიმ მედია გლობალსა“ და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის კონცენტრაციაზე განაცხადი 2026 წლის 28 იანვარს შევიდა. „პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილია, რომელიც 100%-იან წილებს კომპანიებში შპს „აი ტი თრეიდსა“ (ს/ნ 404989660) და შპს „პირველში“ (ს/ნ 202353185) ფლობს. 6 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" კომპანიის დირექტორის თანამდებობას მარიამ ლომიძე ინარჩუნებს.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღებულია - მთავრობას სახელმწიფო უნივერსიტეტებში რეორგანიზაციის გამოცხადება შეუძლია

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა.

ახალი კანონით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი.

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 300-ზე მეტი უძრავი ქონება უკვე გაიყიდა

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 300-ზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. როგორც Eagle Hills Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Tbilisi Waterfront პროექტის პირველი ფაზა მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მდინარის ხედებით და პირველივე დღეს სრულად გაიყიდა. კომპანიის ცნობითვე, „გასაყიდად გამოტანილი ერთეულების თითქმის 60% ქართველმა მყიდველებმა შეიძინეს“.

GIG ჰოლდინგის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი ახალი კომპანიით ყაზახეთში საცალო ვაჭრობის სექტორში შედის

ქართველმა ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა ყაზახეთში კომპანია Eurasian Retail Group Limited დაარეგისტრირა, რომელიც საქმიანობას სწრაფი მოხმარების საქონლის (FMCG) სექტორში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური Forbes-ი წერს. ამასვე ადასტურებენ GIG ჰოლდინგის პრესსამსახურში. კომპანია 2026 წლის 4 თებერვალს, ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში დარეგისტრირდა. დავით ბეჟუაშვილი მის ერთადერთ აქციონერად და აღმასრულებელ დირექტორად არის მითითებული. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საკვები პროდუქტების, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის, ასევე სხვა საქონლის საცალო ვაჭრობას ბაზრებზე. ყაზახური Forbes-ის თანახმად, კომპანიამ მენეჯმენტის დასაკომპლექტებლად ვაკანსიების გამოცხადება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბრენდით იქნება აღნიშნული კომპანია ყაზახეთის საცალო ბაზარზე წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები