გთავაზობთ 9-15 თებერვლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 2026 წლის საბაკალავრო პროგრამებისთვის გამოყოფილი კვოტები, რომელთა მიხედვითაც "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის" ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტები სულ 21,300 სტუდენტზე გამოაცხადებენ მიღებას. ადგილების ეს რიცხოვნობა 2025 წელთან შედარებით 5,900-ით მცირდება. მათ შორის ყველაზე მეტად - 3,907 ადგილით მცირდება ილიაუნის მიღება, რაც 91%-იან კლებას წარმოადგენს. უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ 300 პირველკურსელის მიღების უფლება ექნება.
გარდა ამისა, ადგილების რაოდენობა მცირდება თსუ-ში 278-ით, ტექნიკურ უნივერსიტეტში 286-ით, სოხუმის უნივერსიტეტში კი მიღება 647 ადგილით მცირდება.
იკრძალება პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული პროდუქციის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს პლასტმასის ჭურჭელში განთავსებული საკვები პროდუქციის, მათ შორის სასმელების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. კობახიძის განცხადებით, ცვლილება აუცილებელია, რათა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის, მეორე მხრივ კი ადამიანის ჯანმრთელობაზე მიკროპლასტიკის გავლენა შემცირდეს.
საქართველოში 6 წელზე უფრო მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
მიმდინარე წლის 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველადი, ისე დროებითი რეგისტრაცია. დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად.
მაგისტრალების მიმდებარედ 200-მეტრიან ზონაში მშენებლობის ნებართვებზე ახალი რეგულაცია დამტკიცდა
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს - გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.
EU-ს მიერ ყულევის ტერმინალის შესაძლო სანქცირება
Rueters-ის თანახმად, ევროკავშირი სანქციების მეოცე პაკეტის ფარგლებში ქართული და ინდონეზიური პორტების სანქცირებას გეგმავს, საუბარია ყულევში მდებარე ტერმინალზე. 10 თებერვალს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა EU-ს პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდოს, 12 თებერვალს კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი მათ შორის ყულევის ტერმინალსაც შეეხო.
ფასების საპარლამენტო კომისია საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევს
საქართველოს პარლამენტში ფასების სახელმწიფო კომისია აგრძელებს მუშაობას, გასულ კვირაში რამდენიმე ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.არის მოსაზრება, რომ დამოუკიდებელი შეფასება საერთაშორისო კომპანიამაც გააკეთოს რომელიც დაადგენს მაღაზიებში მაღალი ფასების მიზეზებს სრული ურთიერთდაკავშირებული ბიზნესპროცესების შესწავლით.
მთავრობა პესტიციდების ბაზარზე არსებულ ფასებსაც შეისწავლის
სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ პესტიციდების ფასების შესწავლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას.
"თიბისი ბანკს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბიზნესისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახმაურდა გასულ კვირეულში, ერთერთ წამყვან სისტემურ ბანკს საქართველოში, 1 მარტიდან, ეროვნული ბანკის დასტურის შემდეგ, გიორგი თხელიძე უხელმძღვანელებს. ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძე TBC Group PLC-ის გენერალურ დირექტორად რჩება და ბანკის საერთაშორისო და სტრატეგიული განვითარების გეგმებს უხელმძღვანელებს.
სებ-ი სავალუტო რეზერვების ნაწილს ჩინურ ფასიან ქაღალდებში განათავსებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა.ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ი რეზერვების დივერსიფიცირების მიზნით, რეზერვების ნაწილს სწორედ ჩინურ ფასიან ქაღალდებში განათავსებს.
მერიამ ტრამვაის 416-მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოაცხადა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის გაყვანის 416-მილიონიანი ტენდერი დღეს ხელახლა გამოაცხადა, ხოლო წინა ტენდერი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და ერთხელ უკვე გახანგრძლივდა ანულირებულია. გადაწყვეტილებას თან ახლავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, საიდანაც ირკვევა რომ წინა ტენდერი შეწყდა საპროექტო დოკუმენტაციის ბუნდოვანების გამო, რადგანაც საერთაშორისო საინჟინრო კომპანიებმა დააყენეს მრავალი საკითხი რომლებიც გარკვევას საჭიროებდა, შესაბამისად ახალი ტენდერი დაზუსტებული დოკუმენტაციით გამოცხადდა. კომპანიებს ახალ ტენდერში წინადადებების წარდგენა 2026 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.
მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა
მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 339-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ „ღვინის ეროვნული დღე“ ყოველი წლის 8 მაისს აღინიშნება.




























