მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 13-19 ოქტომბერი

კობახიძე

გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში 13-19 ოქტომბრის კვირისთვის.

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 14%-ით გაიზარდა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა.

მთლიანად, 2025 წლის 9 თვეში კი ექსპორტი 5.15 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 7.7%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1.44 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით არის შემცირებული.

მთლიანად 9 თვეში იმპორტი 13.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.7%-ით გაზრდილია.

სექტემბერში ფულადი გზავნილები 12%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს აშშ, საიდანაც სექტემბერში 60 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ამასთან აშშ-დან გზავნილები წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იტალია 54 მილიონი დოლარით (მატება 9%); რუსეთიდან კი გზავნილების მატება 10%-ს შეადგენდა.

განათლების სისტემის რეფორმა - სკოლა კვლავ 11-წლიანი უნდა გახდეს, უმაღლესი განათლება კი 3+1-წლიანი

ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რაც არსებულ სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემაში მკვეთრ ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად:

  • უმაღლესი განათლება გამონაკლისების გარდა, ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება, ხოლო მაგისტრატურა კი 1-წლიანი;
  • სასკოლო განათლება კვლავ 11-წლიან სწავლებას დაუბრუნდება;
  • "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი" - სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული მსგავსი ფაკულტეტები გაერთიანდება. საგანმანათლებლო დაწესებულება მოეწყობა რუსთავში;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების სისტემა;
  • უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
  • მეტი აქცენტი გაკეთდება სტუდენტებისთვის განათლების მიცემაზე ქვეყნის შიგნით.

რეფორმისთვის საჭირო კანონპროექტებზე მუშაობა გრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის; გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლებიდან 7 მილიონი დოლარი და ძვირფასეულობა არის ამოღებული

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და სხვების სახლების ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარია ამოღებული. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 18 ოქტომბერს განაცხადეს.

უწყებამ ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებზე, რომელიც 24 ბინას და საცხოვრებელ სახლს მოიცავდა, დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სუს-ში ამბობენ, მიმდინარეობს ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.27 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ნაშთის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო ვალი გასული თვის განმავლობაში 178 მილიონი დოლარით 9.27 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ვალის სტატისტიკის თანახმად, ვალის ნაშთის მატება ძირითადად მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული კრედიტების 115.8 მილიონი დოლარით 2.3 მილიარდ დოლარამდე ზრდას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ყველაზე დიდი - 2.48 მილიარდი დოლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის წინაშე აქვს.

თიბისი კაპიტალის შეფასებით სექტემბრის მაღალ ინფლაციას ძირითადად ადგილობრივი საქონლის გაძვირება განაპირობებდა

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, სექტემბრის მაკროეკონომიკური სურათი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესი კვლავ აქტიურ ფაზაშია, თუმცა თვიურ ჭრილში გარკვეული შენელების ნიშნებიც ჩანს. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, ხოლო თვიური, სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციური ზეწოლა, მიუხედავად გარკვეული სტაბილიზაციისა, კვლავ მნიშვნელოვნად მოქმედებს ეკონომიკაზე. მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება, მაშინ როცა იმპორტირებული საქონლის ფასები პირიქით, კლების ტენდენციას აჩვენებს. ამასთან, ლარზე მოქმედი ფაქტორების დინამიკა შერეულია - სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი რჩება, თუმცა დეპოზიტების ლარიზაციის ზრდა შენელებულია, რაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხის ნაწილობრივ შესუსტებას ნიშნავს.

Lukoil-ი ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა

15 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება კომპანიას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ესენია შაჰ-დენიზის მილსადენის პროექტში Lukoil-ის წილი, ასევე სამხრეთის გაზის მილსადენის კომპანიასა და კომპანია TengizChevroil-ში წილებში.

სხვა მიმართულებებით კი Lukoil-ს ბრიტანული სანქციები შეეხება. არსებული მდგომარეობით, Lukoil-ის ქართულ შვილობილს 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 279 მილიონი ლარით მეტია. BMG-იმ კომპანიის ქართულ ოფისს მიმართა კითხვით, გავრცელდება თუ არა ფინანსური სანქციები მათზეც. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები