გთავაზობთ გასული კვირის - 15-21 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
მეორე კვარტალში ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2025 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მშპ-ის ზრდამ ამ კვარტალში 7.3% შეადგინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის არაერთ სისტემურ დარგში ზრდა დაბალია - მაგალითად, ვაჭრობაში მატება მხოლოდ 1.5%-ია, ხოლო დამმუშავებელ მრეწველობაში კი - 2%. ამასთან, რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირებაა - კერძოდ მშენებლობის სექტორში კლება 2.6%-ია, ენერგეტიკაში - 7%; სოფლის მეურნეობაში კი - 2.5%.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, II კვარტალში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT სექტორი) იყო, რომლის ზრდამაც 37% შეადგინა. ასევე განსაკუთრებით მაღალი 28%-იანი ტემპით გაიზარდა განათლების სექტორი, ხოლო აზარტული თამაშების სექტორი კი - 16%-ით; რომ არა ამ სექტორებში არსებული ზრდა მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაბალი იქნებოდა.
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტი შედგა
19 სექტემბერს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეიხი ნაჰაიანი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
8 თვეში საქართველოს ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2025 წლის 8 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტმა პერიოდის განმავლობაში 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.
ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.7 მილიარდი დოლარით. ეს მთლიანი ექსპორტის 39%-ს წარმოადგენს, რაც ერთ კონკრეტულ საქონელზე მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. თავად ავტოექსპორტი წელს 17%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს, რაც წელს 62%-ით გაიზარდა და მან 239 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს 172 მილიონი დოლარით სპირტიანი სასმელები იკავებს, რაც წელს 8%-ით შემცირდა. ასევე 16%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტიც, რამაც მხოლოდ 166 მილიონი დოლარი შეადგინა.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა 58 მილიარდი რუსული რუბლი, რაც 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ ერთმა სავალუტო ჯიხურმა გადააკონვერტირა
პროკურატურამ გასულ კვირაში ფულის გათეთრების ბრალდებით სავალუტო პუნქტ ფინის დირექტორი, კახა კოტორაშვილი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. "საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს,"- აცხადებს საგამოძიებო ორგანო.
დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან აშშ-ის მიერ უკვე არის სანქცირებული. ასევე ფინანსური სანქციები დაუწესდა ბიზნესმენ ლევან ვასაძესაც, რომელიც პრესრელიზში "მედიამაგნატად" არის მოხსენიებული.
ბრიტანეთმა მათი სანქცირება რუსეთის სანქციების პაკეტის ფარგლებში მოახდინა.
"ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ასევე, სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების მმართველ შტოსთან", - ნათქვამია განმარტებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თავდაცვის დაკავებული ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის საწარმო გორში ყალბ სიგარეტს აწარმოებდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები. საგამოძიებო სამსახურს პიროვნების სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, საქმე ეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს. დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირადი დაცვის წევრი და კიდევ 2 პირი. გორში სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851 კოლოფი სიგარეტი "კარელია". დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საწარმო 2023 წლიდან ოპერირებდა.
გორში კიდევ ერთი არალეგალური საწარმო ალკოჰოლურ სასმელებს და სიგარეტს აწარმოებდა - დაკავებულია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე სიგარეტის წარმოებისთვის განკუთვნილი აპარატებიც აღმოაჩინეს. ამოღებული ფალსიფიცირებული სიგარეტი კარელიას ბრენდისაა.
ბათუმში უძრავი ქონების პროექტები განვითარებას განაგრძობს - ბათუმი აილენდის 26 ჰექტარი ექსპლოატაციაში შევიდა და ORBI Continental-ის მშენებლობა დაიწყო
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში მიიღეს. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. 2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამერდროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება.
ბათუმში $300 მლნ-ის ინვესტიციით ORBI Continental-ის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მშენებლობა ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში მიმდინარეობს. კომპლექსი შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ცათამბჯენისგან — 55 და 37-სართულიანი თაუერებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ერთიანი, მრავალფუნქციური პლატფორმით არიან დაკავშირებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველომ რუსეთის; სომხეთის; თურქეთის; აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიმართ ისტორიული ვალი სრულად დაფარა
2025 წლის სექტემბერში საქართველომ დაასრულა რუსეთის მიმართ არსებული ისტორიული საგარეო ვალის დაფარვა. აღნიშნული ვალი წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში დაგროვილ დავალიანებებს, რომელთა რესტრუქტურიზაციაც 2004 წლის ივლისში, საქართველოსა და პარიზის კლუბის კრედიტორებს შორის გაფორმებული შეთანხმებით მოხდა. აღნიშნული თანხები საერთო ჯამში მოიცავდა 160 მილიონი დოლარის პრობლემურ კრედიტებს, რომლებიც საქართველომ 1999 წლამდე ისესხა, ასევე 1999 წლიდან 2004 წლის მაისამდე აღებული ვალების პროცენტებს და იმ ვალებს, რომელთა დაფარვაც 2004-2006 წლებში უნდა დასრულებულიყო. მთლიანობაში აღნიშნული თანხები 225 მილიონ დოლარს აღემატებოდა. რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმების თანახმად, ბოლო ტრანში საქართველომ 2025 წლის სექტემბერში განახორციელა.
აღნიშნული საგარეო კრედიტები 2004 წლის მდგომარეობით, ანუ მათი რესტრუქტურიზაციის დროს ასე ნაწილდებოდა:
- რუსეთის ფედერაცია - 153 მილიონი დოლარი;
- თურქეთი - 53.4 მილიონი დოლარი;
- ყაზახეთი - 28 მილიონი დოლარი;
- სომხეთი - 19.6 მილიონი დოლარი;
- აზერბაიჯანი - 16.2 მილიონი დოლარი;
- ირანი - 12.8 მილიონი დოლარი.
წიწამური-ჟინვალის 4-ზოლიანი მაგისტრალის პროექტის საჯარო განხილვები იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარედგინა ნატახტარი-ჟინვალის 27-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის გზშ დოკუმენტი, რომელიც სამი ალტერნატიული მარშრუტის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ-სოციალური ანალიზს მოიცავს. ანალიზის თანახმად, უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც ადგილს უცვლის ჩრდილოეთის გადასახვევს და ის ამჟამად არსებული წერტილიდან რამდენიმე კილომეტრით სოფელ წიწამურთან გადაინაცვლებს.
პროექტის თანახმად, გზის საერთო სიგრძეა 27 კილომეტრი, და ის გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს. პროექტი 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე. პროექტი ახალი გვირაბების მშენებლობას არ მოიცავს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ გზაზე მოძრაობა 120 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 27-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა 15-წუთში გახდება შესაძლებელი.




























