გასული კვირის 20-26 ნოემბერი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები საქართველოში
1) მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში პირველი განაცხადი MBC-მ შეიტანა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ BM.GE-ს MBC-ის რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა განუცხადა. ნინო დევდარიანი, რომელიც „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარეცაა, აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მოლოდინი აქვს, რომ ეროვნულ ბანკს სალიცენზიო განცხადებით სხვა მისო-ებიც მიმართავენ.
ამასთანავე, ირკვევა, რომ მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს.
პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელს აღარ მოუწევს ეროვნულ ბანკში ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.
2) რაჭის ტყის გარშემო მიმდინარე მოვლენები
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა BMG-ის წერილობით განუცხადა, რომ მისი კომპანია HG Capra Caucasuca რაჭაში სამონადირეო ლიცენზიას არ ყიდის. ასე ბიზნესმენი გამოეხმაურა ინფორმაციას თითქოს რაჭის სამონადირეო მეურნეობის პროექტში ესპანური კომპანია შემოდის.კომპანია HG Capra Caucasica-ს დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა BMG-ის წერილობით აცნობა, რომ მან რაჭის ტყის სამონადირეო მეურნეობის განვითარების პროექტი დატოვა. დავით ხიდაშელის განცხადებით, თუკი მისი ინვესტიციებისთვის საქართველო არ არის მზად, მას პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელება შეუძლია.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, - წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.
3) სამშენებლო ამინისტია
მთავრობა სამშენებლო ამნისტიას ამზადებს, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
მედიასთან იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება. ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს და გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინდივიდუალურ სახლებზე, რომლებიც აშენებული იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე.
4) საქართველოს რკინიგზის შედეგები:
საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის 9 თვეში სულ 10.2 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 0.6 მილიონი ტონით ნაკლებია.
ეს შემცირება კომპანიის საოპერაციო შემოსავალზეც აისახა. კომპანიამ პერიოდის განმავლობაში 481 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 10 მილიონი ლარით არის შემცირებული. მათ შორის უშუალოდ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების შემოსავალი 261 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 33 მილიონი ლარით არის შემცირებული.
5) ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2023 წლის პირველ ნახევარში ₾22-მილიონიანი ზარალი განიცადა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ (GOGC) 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ პერიოდის განმავლობაში მოგების ნაცვლად 22.2 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაცია 30.2 მილიონი ლარის მოგებაზე იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კორპორაციამ 812 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელს არსებულთან შედარებით 123 მილიონით მეტია.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია გაახანგრძლივებს აუქციონს, რომლითაც ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა. სახელმწიფო მოელის რომ კერძო ინვესტორი დაინტერესდება და გარდაბანში არანაკლებ 350 მეგავატის სიმძლავრის სადგურს ააშენებს და ოპერირებას გაუწევს. შესაბამისი აუქციონი თავდაპირველად აგვისტოში უნდა დასრულებულიყო თუმცა რამდენჯერმე გადავადდა ახლა საბოლოოდ კონკურსი 15 იანვრამდე გახანგრძლივდა.
6) $150-მილიონიანი ინვესტიციით, სასტუმრო "პარაგრაფ თბილისი" გაიხსნა
21 ნოემბერს თბილისის ცენტრში, "მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
7) "სინოჰიდროსა" და საქართველოს მთავრობას შორის დავაა
სახელმწიფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანია “სინოჰიდროსა” და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.
საქმე ორ სამშენებლო ხელშეკრულებას ეხება, საუბარია ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის 96-მილიონიან პროექტზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 42 კილომეტრის სიგრძის ორი ლოტისგან შედგება და საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 6.4-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის 265 მილიონიანი პროექტის მშენებლობას უკავშირდება.
ჩინურ კორპორაციასთან დავაში სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული გზით საერთაშორისო იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი დაიქირავა. დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტის თავდაპირველი საფასური 1,350,000 ევრო იყო და ის ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთს შეეხებოდა, თუმცა შემდგომში კონტრაქტის ამოცანები გაფართოვდა და მას ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთზე წარმოშობილი დავაც დაემატა.
8) მთავრობამ Roche-სთან ონკოლოგიური მედიკამენტების შესასყიდად ₾111 მილიონის კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს მთავრობამ შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-სთან ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესაძენად 111 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მოაწერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.
9) რიკოთის ყველაზე გრძელი - 1800 მ-იანი გვირაბი გაიჭრა
რიკოთის უღელტეხილზე ქვეყანაში ჯერჯერობით ყველაზე გრძელი - 1,800 მეტრის სიგრძის საავტომობილო გვირაბი გაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს. ახალი გვირაბი რიკოთის 1,722 მეტრის სიგრძის არსებული გვირაბის პარალელურად მდებარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.
10) Entrée-მ ლონდონში მეოთხე ფილიალი გახსნა
საცხობების ქსელი Entrée ბრიტანეთის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს და მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალი გახსნა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.
კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის თქმით, ქსელის გაფართოებისთვის ამჯერად 300 000 ფუნტის ინვესტირება მოხდა.