მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ეროვნული ბანკი

გთავაზობთ გასული კვირის 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

1) ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის ამოქმედება გადავადდა

ფინანსური სტაბილურობის და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ კვირაში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო - მათ შორის ბანკებისთვის ბუფერები შეარბილა. საუბარია კონტციკლურ ბუფერზე, რომელიც 1%-მდე 2024 წლის 15 მარტის ნაცვლად, 2027 15 მარტს შეივსება. შესაბამისად, ბანკებს კაპიტალის ბუფერის შევსება უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ, რის გამოც მათ უფრო მეტხანს ექნებათ სახსრები გამოთავისუფლებულ რეჟიმში.

2) უცხოურ ვალუტაში მინინალური სარეზერვო მოთხოვნა შემცირდა:

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება არის ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო ნორმების შემცირება. უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე 25%-დან 20%-მდე შემცირდება. აქაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე, რომელიც ბანკებისთვის გამოთავისუფლდება.

სებ-ის განცხადებით, ამ ბუფერების შერბილება გახდა საჭირო საერთაშორისო ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, რაც ფედ-ის და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ პროცენტების ზრდას უკავშირდება.

3) ეროვნულ ბანკს ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით მხარი დაუჭირა.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

4) ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.12.2 მილიარდი ლარი იყო ბიზნესის ბრუნვა რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.

5) საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს ზოდების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ზოდების რეალიზაციის დაწყების შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. სებ-ის თანახმად, ისინი მომხმარებლებს 20 გრამის და 1 კილოგრამის ოქროს სერტიფიკატს და შესაბამის ზოდებს შესთავაზებენ, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი კომერციული ბანკების მეშვეობით შეძლებენ.

მომხმარებელს ამ სერტიფიკატების განაღდება შეუძლიათ როგორც ფასიანი ქაღალდის სახით, ასევე სანაცვლო ოქროს ზოდის მიღების სახით. სებ-ის თანახმად, 20 გრამის სერტიფიკატების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 100, ხოლო 1 კილოგრამის ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 10 ცალი. აღნიშნული ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ არის ჩამოსხმული.

6) ქვეშეთი კობის გზაზე 1.5-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 1.2 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი 9-კილომეტრიანი და 1.5 კილომეტრიანი გვირაბების გაჭრას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, 9-კილომეტრიანი გვირაბის 8.5 კილომეტრი უკვე გაიჭრა, ხოლო 1.5-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა კი დამთავრდა.

7) 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ცნობილია

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარუდგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ხარჯები წინა წარდგენასთან შედარებით 165 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 25 მილიარდ ლარს მიაღწევს. ხარჯები 2023 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი ლარით იზრდება.

ამ თანხიდან სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების ხელფასები 2.57 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც 2023 წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სამინისტროების მიხედვით ყველაზე მეტ თანხას 2024 წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დახარჯავს, რაც 7.8 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 720 მილიონი ლარით იზრდება. ზრდის მხრივ მეორე ადგილზეა განათლების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტიც 424 მილიონი ლარით 2.5 მილიარდ ლარამდე იზრდება. 220 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2024 წელს 801 მილიონ ლარს მიაღწევს.

8) უძრავი ქონების ოპერაციებში შემცირებაა, იკლო მოთხოვნამ დაქირავებაზე - საქსტატი

“საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის და ტრანსპორტი და დასაწყობების დარგებმა შეიტანეს. კლების ტენდენცია კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და დამმუშავებელი მრეწველობის სფეროებში დაფიქსირდა.

“უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორში კლების მიზეზად საცხოვრებელი შენობების გაქირავებისა და მართვის სფეროში მომსახურების მოცულობის შემცირება სახელდება. ასევე, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების კლება,”- განაცხადა საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

9) უკანასკნელ წლებში უპრეცედენტო შტორმმა ბათუმს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

10) თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინსა და პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები