გთავაზობთ გასული კვირის - 24-30 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა. ამასთან, 2025 წლის პირველი ათი თვის (იანვარი-ოქტომბერი) საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ტემპი შენელებულია.
კვლავინდებურად მაღალი ზრდა შენარჩუნდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში, ხოლო ენერგეტიკაში, ასევე სამთომომპოვებელ მრეწველობასა და მშენებლობაში წლიურ ჭრილში კლება დაფიქსირდა.
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით მთავრობის ხარჯები 30.9 მილიარდამდე იზრდება
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი გაუგზავნა, რომლითაც ასიგნებების მოცულობა წინა წარდგენის ბიუჯეტთან 400 მილიონი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება.
სამინისტროებს შორის თანხების ცვლილება ასეთია - მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით, მესამე წარდგენის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტად 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი ემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს კი 22.5 მილიონი ლარი. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება უწყებებს, რომელთა ბიუჯეტიც მცირდება, ასეთია ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც წინა წარდგენის პროექტთან შედარებით 214 მილიონი ლარი აკლდება. 47.6 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს აკლდება.
2026 წლის საბოლოო ბიუჯეტის პროექტით, ანაკლიის პორტის დაფინანსება 100 მილიონით მცირდება
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა შემცირდა. კერძოდ, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტის პირველ და მეორე ვარიანთან შედარებით, სადაც 150 მილიონი ლარის გამოყოფა მოიაზრებოდა, 100 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე, საბოლოო წარდგენით მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მომავალ წელს 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს თანხებს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ამ ნაწილში 45 მილიონი ლარის გათვალისწინება იგეგმება, რაც არ შეცვლილა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან მიმართებით. შესაბამისად, ჯამურად, მომავალ წელს როგორც უშუალოდ პორტის, ისე მასთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე 95 მილიონი ლარი დაიხარჯება. უკვე 2027 წელს კი გათვალისწინებულია, რომ გზის მშენებლობაზე 125 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ასევე 125 მილიონი ლარი.
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტიდან მთავრობამ თბილისის ახალი სტადიონის პროექტი ამოიღო
აქართველოს მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარლამენტს დღეს საღამოს წარუდგინა. განახლებული ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავში აღარაა 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, ამ პროექტზე 2026 წელს 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, მთლიანად ოთხწლიან პერიოდში კი 876 მილიონი ლარის. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 25 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადებული ტენდერის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე პარლამენტში ინტერპელაციით წარსდგა
26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დასმულ კითხვებს გასცა პასუხი. პროექტთან დაკავშირებით არაერთი დამატებითი გარემოება გახდა ცნობილი. მათ შორის ისიც, რომ საინვესტიციო შეთანხმებაში, რომელიც კომერციული საიდუმლოების სტატუსს ატარებს, განსაზღვრულია დავების გადაწყვეტის პუნქტი. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დავა დაიწყება, მისი გადაწყვეტის იურისდიქციად შვეიცარიის, კერძოდ კი ციურიხის საარბიტრაჟო პალატა არის განსაზღვრული. ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროექტიდან ყოველწლიურად გადასახედების სახით 500 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას ელოდება, ასევე ისიც, რომ პროექტის განხორციელების ფაზაში ქართული სამშენებლო კომპანიები იქნებიან ჩართული და ისინი ჯამში 24,000 ადამიანს დაასაქმებენ.
პროექტი თბილისსა და გონიოში 590 და 260 ჰექტარის მიწის ფართობზე აშენდება და ის მაღალი კლასის ახალ საცხოვრებელ ფართებს, სასტუმროებს, სავაჭრო ობიექტებს, იახტ-კლუბს და მრავალ მწვანე ზონას მოიცავს. ინვესტორს საქართველოში არსებული კომპანიის 66.66%, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს კი 33.33% ექნება, ისიც რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მის განხორციელებას 10 წელი დასჭირდება და სახელმწიფო დივიდენდის სახით ამ პროექტიდან ჯამში 2 მილიარდი ლარის მიღებას მოელის.
პროექტის ფარგლებში 16,000 საცხოვრებელი ბინა აშენდება. ამასთან, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტის კრედიტებში მონაწილეობას არ ნიშნავს და რომ სახელმწიფო ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს და არც Eagle Hills-ის მიერ აღებული სესხების გარანტორი არ იქნება.
Lukoil-ი საბანკო ბარათით გადახდებს ვეღარ მიიღებს
Lukoil-ში საბანკო ბარათებით გადახდა დროებით შეუძლებელია — შესაძლებელია მხოლოდ კორპორაციული ბარათით გადახდა. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიიის ცხელ ხაზზე განუცხადეს. ოპერატორის თქმით, კორპორაციული ბარათის შევსებაც მხოლოდ ოფისში, ნაღდი ფულით ხდება, რადგან ტერმინალებში სისტემური ხარვეზია. კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხარვეზი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. bm.ge კომპანიიდან ოფიციალურ კომენტარს ელოდება იმის შესახებ, რა იწვევს გაუმართაობას. მსგავსი ფაქტი მანამდე „ბათუმელებმაც“ გადაამოწმეს. შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-მ რუსულ ენერგოკომპანია „ლუკოილს“ ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც ავტომატურად ვრცელდება მის ქართულ შვილობილ კომპანიაზე „ლუკოილ-ჯორჯიაზე“. თავდაპირველად განისაზღვრა, რომ სანქციები 2025 წლის 21 ნოემბრამდე არ შეეხებოდა რუსეთს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ სადგურებს, თუმცა მოგვიანებით OFAC-მა ვადა გაახანგრძლივა. ახალი გადაწყვეტილებით, სანქციები 2025 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც კომპანიებს დამატებით სამკვირიან პერიოდს აძლევს ოპერაციების დასასრულებლად.
პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის ზრდას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას, რომელიც სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება. ასევე, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე ზრდა, ხოლო ადვალური განაკვეთი - 30%-დან 20%-მდე მცირდება. ასევე 1.85 ლარიდან 2.70 ლარამდე იზრდება აქციზი გასახურებელ თამბაქოზეც.
პარლამენტმა მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, ცვლილებები Eagle Hills-ის პროექტს უკავშირდება
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო.
დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივ საწარმოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი ოდენობა 50% ან მასზე ნაკლებია, სამართლებრივი საფუძველი დადგინდება, რომ აღნიშნულ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურე გამწესდეს. ცვლილება უკავშირდება Eagle Hills-ის პროექტს, სადაც მთავრობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნას გეგმავს.
მთავრობა მოსავლის მართვის კომპანიას რთველისთვის დამატებით 82 მილიონის სუბსიდიას გამოუყოფს
"მოსავლის მართვის კომპანიის" სუბსიდიას კიდევ 82 მილიონი ლარი დაემატა. სახელმწიფო უწყების ცნობით, რთველის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის საჭირო გახდა დამატებით 82 მილიონი ლარის გამოყოფა.
როგორც უწყება განმარტავს, სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა ან მოცულობების განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის ბლოლოსთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა. სახელმწიფოს რთველი 2025 წლის სუბსიდირებისთვის უკვე ჰქონდა გამოყოფილი 75 მილიონი ლარი, ამრიგად წელს ყურძნის სუბსიდირების ბიუჯეტი 157 მილიონი იქნება.
UBS/Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილთან დავა წააგო - ბანკმა 607 მილიონი უნდა გადაიხადოს
ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა რომელიც გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების (ბერმუდა, კაიმანის კუნძულები და სხვა) უმაღლესი სააპელაციო ორგანოა გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც საბოლოო განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა.
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებით, სანქციების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს დავის შედეგად მოგებული თანხის მიღების იმედი არ აქვს.




























