გთავაზობთ გასული კვირის (15-21 დეკემბრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
IMF-ის მისიის შეჯამება
გასულ კვირაში საქართველოში ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით IMF-ის მისია გაიმართა. ფონდის დელეგაცია შეხვედრა როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ პირებს, მისიის დასასრულს კი ალეხანდრო ჰაიდენბერგმა შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს წელს არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ზრდის მოლოდინი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 7.3%-მდე. თუმცა, აქვე აღნიშნულია რომ უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულია ინფლაცია, რასაც ეროვნული ბანკის მხრიდან ყურადღება და ფრთხილი პოლიტიკის გატარება ესაჭიროება. ალეხანდრო ჰაიდენბერგი აღნიშნავს, რომ თუკი ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ზრდისთვისაც მზად უნდა იყოს.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით IMF-ის მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობა შესაძლოა FDI-ზე ნეგატიურად აისახოს, რადგან ამან ინვესტორთა ნდობაზე შეიძლება იმოქმედოს, თუმცა მეორე მხრივ, ჰაიდენბერგი მიუთითებს, რომ თუკი საამიროებიდან 6.5 მილიარდის FDI მართლაც შემოვა ეს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას მოახდენს. სხვა ფაქტორებს შორის, IMF მიუთითებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაგრძელებას, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესყიდვას, რის შედეგადაც საქართველოს სავალუტო რეზერვები IMF-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ მაჩვენებელს აღარ ჩამოუვარდება. ჰაიდებნერგი საუბრობს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გატარდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სებ-ში გადაწყვეტილების მიღების საპრეზიდენტო მოდელი კოლეგიალური გადაწყვეტილების მოდელით შეიცვლება.
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე შემცირდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს.
ნოემბერში ფულადი გზავნილები 298 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს $50 მილიონით, საიდანაც ფულადი გზავნილების ნაკადები 11%-ით გაიზარდა.რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა $38 მილიონი დოლარით, ამასთან რუსეთიდან გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.
აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ საწვავით დატვირთული პირველი მატარებელი დაიძრა, საქართველოს რკინიგზა მას უფასოდ გაატარებს
აზერბაიჯანიდან საწვავით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა პარასკევს დაიძრა, რომელმაც ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს. აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს ინფორმაციით, სარკინიგზო შემადგენლობა სომხეთისკენ მიემართება დღეს დაიძრაშემადგენლობას 1220 ტონა 95 მარკის ბენზინი გადააქვს და ის 22 ვაგონისგან შედგება. საქართველო აღნიშნულ ტვირთს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს, რის შესახებაც მთავრობამ განკარგულება 8 დეკემბერს გამოსცა. საერთო ჯამში საქართველო საგამონაკლისო წესით 2600 ტონა აზერბაიჯანულ საწვავს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს სომხეთში.
იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2025 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტი წლიურად 10%-ით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სექტორმა, რომელიც წელს 18%-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 60%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ძირითადად ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდით არის განპირობებული. მესამე პოზიციას კი სპირტიანი სასმელები იკავებს 256 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ღვინის ექსპორტი 245 მილიონ დოლარამდე, კლება წინა წელთან 7%-ს შეადგენს.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მონაკვეთი ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს. ამ გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის ჯამური სიგრძე 12 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 8 კილომეტრის მონაკვეთი დღეს გაიხსნა.გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოებმა საბოლოოდ 2025 წლის დეკემბრამდე გადაიწია.
"რიკო ექსპრესმა" 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესმა" 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვება პროექტ "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და საბროკერო კომპანია ფოდსაით ბროკერსის მხარდაჭერით განხორციელდა.
ემისიის შედეგად მოზიდული თანხით რიკო ექსპრესი 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონიანი ობლიგაციის რეფინანსირებას და საკრედიტო პორტფელის გაფართოებას გეგმავს. ბონდის ვადიანონაა 5 წელი განაკვეთი კი TIBR+3%.
თბილისის ბიუჯეტი 2026 წელს 2.19 მილიარდი ლარი იქნება
თბილისის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, მერიის ხარჯები მომდევნო წელს 2.19 მილიარდი ლარი იქნება, რაც პირვანდელ ბიუჯეტთან შედარებით 111 მილიონი ლარით მეტია, თუმცა 2025 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 160 მილიონი ლარით ნაკლებია.
მომდევნო წელს ბიუჯეტის შემცირება ძირითადად სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი ხარჯების კლებას უკავშირდება.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა/განვითარება - 696 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 64 მილიონი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 306 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 67 მილიონი ლარი;
დასუფთავება და გამწვანება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - 315 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 19 მილიონი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 62.5 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 4.5 მილიონი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 185 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 1 მილიონი ლარი;
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა - 252 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 5 მილიონი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50.5 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 16 1მილიონი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13.2 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 5 მილიონი ლარი;
ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 258 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 25 მილიონი ლარი.
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 0.2 მლნ ლარი.




























