მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 8-14 დეკემბერი

კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის - 8-14 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანის მიზნით მთავრობამ ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა

საქართველოს მთავრობა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტირების ბაზრის მოკვლევის თანახმად, 77 ჰექტარის ახალ სამთავრობო უბანში გადავლენ როგორც სამინისტროები, ასევე თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი.

პროექტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ის განუცხადეს, რომ სამინისტროების ერთ ტერიტორიულ ლოკაციაზე განთავსება უწყებებს შორის კოორდინაციას გაზრდის, ასევე პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგანაც ის საკუთარ თავში მოიაზრებს ამ უწყებების არსებული საოფისე შენობების ინვესტორებზე გაყიდვას და მათ ადგილზე ახალი ობიექტების მშენებლობას. შესაბამისად, მთავრობა დედაქალაქის ცენტრში არსებული ადმინისტრაციული ობიექტების პრივატიზებას და მიღებული სახსრებით სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს.

2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, მთავრობის ხარჯები 31 მილიარდ ლარს მიაღწევს

პარლამენტმა 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს, რომლითაც მთავრობის ხარჯები მომდევნო წელს 2.9 მილიარდი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი - 9.66 მილიარდი ლარი ჯანდაცვის სამინისტროზე დაიხარჯება, რომლის ბიუჯეტიც მომდევნო წელს 848.7 მილიონი ლარით იზრდება, რაც ძირითადად პენსიების მატებას უკავშირდება. მომდევნო წელს 70 წლამდე პირთა პენსიები 20 ლარით, 370 ლარამდე იზრდება, 70 წელზე უფროსი მოქალაქეების პენსია კი 45 ლარით, 495 ლარამდე იზრდება.

ამასთან, საჯარო სექტორში - სამინისტროებსა და სსიპებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 400 მილიონი ლარით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. უწყებების მიხედვით, 160 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. შსს-ს დაფინანსება 152 მილიონი ლარით მოიმატებს, სუსის ბიუჯეტი 128.5 მილიონი ლარით გაიზრდება. 380 მილიონი ლარით მცირდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი 18.5 მილიონი ლარით შემცირდება. მომდევნო წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი.

გადასახადების სახით 27 მილიარდი ლარის აკრეფა იგეგმება, ხოლო საგარეო ვალების მოცულობა კი 3.3 მილიარდი ლარი იქნება.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მიღებულია

პარლამენტმა 2 დღეში, დაჩქარებული წესით განიხილა და სამი მოსმენით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში საქართველოს მთავრობის ინიციირებულ ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, დაამტკიცა. ახალი კანონი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად;
  • საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი- მაგისტრატურას;
  • საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნება.

უქმდება საგრანტო დაფინანსების სისტემა. კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის შემოდგომის სემესტრში სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პირველკურსელების "უფასო" სწავლება 20 მილიონი ლარი დაჯდება, რისი გამოყოფაც შემდგომში განათლების სამინისტროს მოუწევს.

მესამე კვარტალში საქართველოში 533 მილიონის FDI შემოვიდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა,წლიურად ორჯერ მეტია. FDI-ის მატება ძირითადად სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით არის განპირობებული.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.

BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 ინვესტორი კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. ეს კომპანიები რიგითობის მიხედვით დალაგებული არაა.

  • შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია
  • შპს მაგთიკომი
  • შპს ტავ ურბან საქართველო
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • შპს ქართული ცემენტი [ჰანიველცემენტი]
  • სს მინა
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
  • შპს აკვალია საქართველო
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია

მთავრობა ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასურს 50 ლარიდან 370 ლარამდე ზრდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეგულირებადი რიგი მომსახურებების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ისე იმ უცხოელებისთვის სერვისებს, რომლებიც საქართველოში შეძენილ ავტომობილებს ექსპორტზე ან რეექსპორტზე გააქვთ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია და მას დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილება საქართველოს საბაჟო კოდექსში შედის. შსს-ს განმარტებით, პროექტი არსებულ ტარიფებსა და მომსახურების მოცულობას შორის ბალანსის აღდგენას ისახავს მიზნად. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 640% ტრანზიტული ნომრების გაცემას შეეხო. ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური 370 ლარი იქნება, მოქმედი 50 ლარის ნაცვლად.

მთავრობა შენობების ფასადების იერსახის რეგულირებას გეგმავს - ინიციატივა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს. შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტზე მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვა საჯარო, კერძო და სახელოვნებო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მისი ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესისთვის ნებაყოფლობითი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სავალდებულო გახდება.

იანვარ-ნოემბერში აეროპორტებმა 7.8 მილიონი მგზავრი გაატარეს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 7 863 534 მგზავრს მოემსახურნენ, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, ზრდამ 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა 1 165 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება Wizz Air Hungary – 17%; Georgian Airways – 8%; Pegasus 7% და Turkish Airlines – 7%.

ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებს მთავრობამ 1 მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოაწერა

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლითაც ენერგეტიკის სექტორში კომპანიებს მილიარდი ლარის ჯარიმებს აპატიებენ, ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები