მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP - 10 ეკონომიკური მოვლენა

61ed5aac186b5
ირაკლი მაკალათია
23.01.22 19:30
1126
გთავაზობთ გასული კვირის (17 – 22 იანვარი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ
2. როგორ შეიცვალა 2021 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია
3. რა გეგმები აქვს მთავრობას კომპანია ENKA-სთან დაკავშირებით
4. როგორ შეასრულა მთავრობამ 2021 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა
5. 2021 წლის პრივატიზაციის ჩავარდნილი გეგმა
6. “ჯორჯიან ეარვეისი” 150 მილიონ აშშ დოლარად იყიდება
7. როგორი იყო 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი
8. 2021 წლის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
9. როგორი იყო საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2021 წელს
10. “მეტრო ავრასია" დიმიტრი ქუმსიშვილთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს


1. იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების სიას თურქეთიც დაემატა, საიდანაც შესაძლებელი იქნება 200 დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტის დაბალ ფასად შემოტანა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FWqJ8C ; https://bit.ly/3qQG8Da ; https://bit.ly/3nQkhtz ; https://bit.ly/3rDViuJ 

2. როგორ შეიცვალა 2021 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია

2021 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 26,9%-ით გაიზარდა და 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დსთ-ში 34%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების სამეული ასეთია: ჩინეთი (14.5% მთლიან ექსპორტში), რუსეთი (14.4%) და აზერბაიჯანი (12.5%). მთავარი იმპორტიორი ქვეყნები კი არიან: თურქეთი (18.1%), რუსეთი (10.2%) და ჩინეთი (8.6%).

საექსპორტო საქონლის სამეულია: სპილენძის მადნები (19.2%); ფეროშენადნობები (11.3%) და მსუბუქი ავტომობილები (10.8%); ხოლო იმპორტირებული საქონლის სამეული არის: მსუბუქი ავტომობილები (8.9%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (8.2%) და სპილენძის მადნები (7.3%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rGhh48  https://bit.ly/3u7kk8z 

3. რა გეგმები აქვს მთავრობას კომპანია ENKA-სთან დაკავშირებით

კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა და თანამშრომლების დიდი ნაწილიც უკვე წავიდა. მაშინ როცა, ENKA სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება, მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა ენერგეტიკის დარგის როლზე ეკონომიკაში და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი სტრატეგიული პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით უნდა აშენდეს. ხოლო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ ENKA-სთან დაკავშირებით სამინისტრო ხედვას თვის ბოლოს წარადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KBGXra ; https://bit.ly/33U1kPE ; https://bit.ly/3nINYNh ;

4. როგორ შეასრულა მთავრობამ 2021 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით 13.4 მლრ ლარის შემოსავალი მიიღო, სადაც ყველაზე მაღალი წილი დამატებული ღირებულების გადასახადს უჭირავს (45,0%), ხოლო შემდეგ მოდის საშემოსავლო გადასახადი (28,0%). მთავრობამ გასული წლის საგადასახადო გეგმა 0,7%-ის გადაჭარბებით, 100.7%-ზე შეასრულა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33WvO3E 


5. 2021 წლის პრივატიზაციის ჩავარდნილი გეგმა

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით 2021 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 212.6 მილიონი ლარი შევიდა, რაც შესასრულებელი გეგმის 60.7% იყო. 2022 წლის გეგმა კი პრივატიზაციიდან 300 მილიონ ლარის შემოსავლის მიღებას ითვალისწინებს. მათ შორის იგეგმება 25 სახელმწიფო საწარმოს წილის და აქტივების გაყიდვა

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ApvaYv ; https://bit.ly/33Z6cTs ; https://bit.ly/3r0zwCt 
2021 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული TOP-10 სახელმწიფო ქონება: https://bit.ly/3tOBTdb

6. “ჯორჯიან ეარვეისი” 150 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

“ჯორჯიან ეარვეისი” რომელიც გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესშია და 176 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს, 150 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. რადგან ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანიის მინიმუმ 51% წილის ფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე, გარიგებით კომპანიის მხოლოდ 49%-ის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, რაც გულისხმობს როგორც კრედიტორის მხრიდან მოთხოვნების ნაწილზე უარის თქმას ან მათ რესტრუქტურიზაციას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FTGugs ; https://bit.ly/32of7gU ; https://bit.ly/3qUTRss 


7. როგორი იყო 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13 მილიარდ 753 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა, რაც 2020 წელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2022 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 4%-ით გაიზრდება, რის გამოც მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით 18%-ით მეტი იმპორტის განხორციელება მოუწევთ.

2021 წელს 2020 წელთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 24.6%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდაზე დამატებითი მოთხოვნა გააჩინა რამდენიმე თვის განმავლობაში რეაბილიტაციის გამო გაჩერებულმა "ენგურჰესმა". იმპორტირებული 2 მლრდ 006.2 მლნ კვტ.სთ-დან 62,1% რუსეთზე მოდის, ხოლო რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის შემოსულ ელ. ენერგიას თუ გამოვრიცხავთ, მაშინ მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12,6%-ია.

ელ ენერგიაზე გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, მთავრობა საქართველოს დაახლოებით 1 მილიონ მოქალაქეს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე ნაკლებია, ტარიფის ნაზრდ - 3.5 თეთრს დაუფინანსებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3GWEJ3t ; https://bit.ly/3nScdZg ; https://bit.ly/35hzuO3 

8. 2021 წლის ფულადი გზავნილების სტატისტიკა

ეროვნულმა ბანკის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში უცხოეთიდან საქართველოში 229 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 14.9%-ით მეტია. რაც შეეხება მთლიანად წელს, 2021 წელს წინა წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 24.6%-ით გაიზარდა და 2,35 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნების სამეული, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი მივიღეთ არიან: რუსეთის ფედერაცია, იტალია და აშშ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3IseEJU 


9. როგორი იყო საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2021 წელს

2021 წელს საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2.08 მილიარდი ლარი შეადგინა, მთლიანობაში კი 5.97 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. საბანკო სექტორის აქტივების ზომა კი 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tRz7nG 

10. “მეტრო ავრასია" დიმიტრი ქუმსიშვილთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ დაფუძნებულმა ჰოლდინგმა “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიამ “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები” 2020 წლის თებერვალში 50%-50%-იანი თანამონაწილეობით სადაზღვევო კომპანია “კამარა” შეიძინეს და რებრენდინგის შედეგად ის ბაზარზე “გრინ დაზღვევა საქართველოს” სახელით შევიდა.

2022 წლის 20 იანვარს კი “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” დიმიტრი ქუმსიშვილთან ყველანაირ პარტნიორულ ურთიერთობის შეწყვეტაზე გააკეთა განცხადება, რადგან მათი აზრით, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარტნიორული ვალდებულებები არ შეასრულა და “საეჭვო” გარიგებაში მიიღო მონაწილეობა.

თავის მხრივ, საპირისპირო დამოკიდებულება აქვს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” ადანაშაულებს კომპანიის განვითარების ხელის შეშლაში და აღნიშნულს, პარტნიორობის ყველაზე ცუდ გამოცდილებად მიიჩნევს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rAWPSg ; https://bit.ly/33JDtm3

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები