გთავაზობთ გასული კვირის (27 თებერვალი - 5 მარტი) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:
1) იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 10 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.8%-ით მეტია. "2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში,"-ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
2) თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა
საქსტატმა თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2021 წლის ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
3) საქართველო ბერლინში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ს უმასპინძლებს
6-9 მარტს, საქართველო ქვეყანა, გერმანიის დედაქალაქში, უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023 უმასპინძლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გამოფენაზე სლოგანები - "გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ წარმოადგენს. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული ადგილები, ასევე გასტრონომიული კერძები ბერლინის ქუჩებში არის წარმოდგენილი.
4) ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პასუხისმგებელი იქნება - ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვინც ამ კანონს ხმას მისცემს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. “ეს კანონი საქართველოს სისტემაში ჯერ კიდევ მიღების პროცესს გადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური აგენტების შესახებ” წარდგენილი კანონით. იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.
5) სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილება 2 მარტს ამოიწურა. 3 მარტიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს. Bm.ge-ს სებ-ში დაუდასტურეს, რომ მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. სებ-ში არსებული წესების მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს. თავად არჩილ მესტვირიშვილი სებ-ის საბჭოს დეკემბერში დატოვებს.
6) პარლამენტმა შესაძლოა სებ-ის კანონპროექტზე ვეტო არ დაძლიოს
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. საქმე ეხება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას - ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები უკვე დარეგისტრირდა ბიუროზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის ამ ფორმით აღსრულება გამოიწვევს ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეშ ჩარევას.
„ვეტოსთან დაკავშირებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ამ კანონის მიღების მიზეზი იყო, რომ ჩნდებოდა გარკვეული ვაკუუმი იმის გამო, რომ უფლებამოსილების ვადა ეწურება ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს. ამ ვაკუუმის შესავსებად იქნა მიღებული ეს კანონი. ვნახოთ, თუ ვაკუუმი არ იარსებებს, შეიძლება აღარც მივუბრუნდეთ ამ კანონის მიღებას, მთავარია მანამდე აღმოიფხვრას ფაქტობრივი სირთულე, რაც შეიძლება შეიქმნას. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დაინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ შენიშვნების გაზიარებაზე. ჩვენ ვადები არ გვაქვს დადგენილი, ამ ეტაპზე ველოდებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას“, - განაცხადა კობახიძემ.
7) მიკროსაფინანსო სექტორმა 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, გასული წელი კომპანიებმა 113.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს 2021 წლის ანგარიშთან შედარებით 15.9 მილიონი ლარით მეტია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზომა 1.57 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 214 მილიონი ლარით, ანუ 15.7%-ით მეტია. მისო-ებში სულ 827 ათასი კრედიტი არის რეგისტრირებული, ხოლო საშუალო სესხის ზომა 1,900 ლარს შეადგენს.
8) “ვიონს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
საქართველოს მესამე უმსხვილეს მობილურ ოპერატორს, “ბილაინს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ლაშა ტაბიძემ პოსტი ვადაზე ადრე დატოვა. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ ბერიშვილია. ის, 2015 წლიდან ამ დრომდე ფინანსური დირექტორის სავარძელს იკავებდა. კომპანია ამჟამად 1.4 მილიონ აბონენტს ემსახურება.
“ვიონი საქართველოს”, ანუ “ბილაინის” 100%-იანი წილი გასულ წელს CBS ჯგუფის საკუთრებაში გადავიდა. CBS ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას განცხადებით, VEON-ის მფლობელ LetterOne-თან აქტივის შეძენისთვის მოლაპარაკებებს 3 წელი დასჭირდა და მის დროულად დასრულებას ხელი უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეუშალა, თუმცა საბოლოოდ ტრანზაქცია შედგა და დღეს “ბილაინი” სრულად ქართულ კომპანიას წარმოადგენს.
9) “სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურ დირექტორად მარიამ ვალიშვილი დაინიშნა
საქართველოში ბუნებრივი აირის უმსხვილეს გამანაწილებელ კომპანიას “სოკარ ჯორჯია გაზს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამ პოსტზე მარიამ ვალიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე აზერ მამადოვი შეცვალა. მამადოვი ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. მარიამ ვალიშვილი კი 2017 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, იქამდე კი 2012-2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. საჯაროა “სოკარ ჯორჯია გაზის” 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი ამ წელს 1.2 მილიარდ ლარს, წმინდა მოგება კი 16.7 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიისთვის უმსხვილეს ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენდა, რაზეც 916 მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანიის აქტივები 1.14 მილიარდ ლარს შეადგენს. კომპანია 800,000 მომხმარებელს ემსახურება.
10) „რუსეთის ბაზარი პრაქტიკულად დაიხურა“ - ქართულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა დახურულ რეჟიმშია, ნაწილმა სიმძლავრეები შეამცირა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის ვარდნაა. შედეგად გასულ წელს ექსპორტზე 460 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 17 მლნ დოლარით ნაკლებია. ფეროშენადნობებზე დაბალ მოთხოვნას და ფასების ვარდანს დაემატა ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა. ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი დაწესების გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ.ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით დადგინდა და საბაჟო ღირებულების 21,4 % - 24,2 %-ით განისაზღვრა.

























