გთავაზობთ გასული კვირის (27 სექტემბერი – 2 ოქტომბერი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:
1. 2021 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა
2. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა 3.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
4. საქართველო 12 კომერციულ საარბიტრაჟო დავაშია - მიმართავს თუ არა ENKA საერთაშორისო არბიტრაჟს
5. სად დააბანდებს საპენსიო სააგენტო მოქალაქეების დანაზოგებს
6. რეკორდულად გაზრდილი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
7. დევნილთა სააგენტო 570 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლს იყიდის
8. როგორია ქართული ბანკების აქტივების მოცულობა და საგარეო ვალი
9. რას გულისხმობს “დროებითი ბანკი” და ვის ექნება მისი შექმნის უფლება
10. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვეში სულ 194 იპოთეკური სესხია დამტკიცებული
1. 2021 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელმა 12.0% შეადგინა. 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3%-ით შემცირდა, შესაბამისად ეს ფაქტორიც არის 2021 წლის შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზი. ხოლო თუ საბაზისო წლად 2019 წელს ავიღებთ, მაშინ მიმდინარე პერიოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,5% იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3a0y1dV ; https://bit.ly/3l2oMAn ; https://bit.ly/3FgmOUX
2. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა 3.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს
"მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი გაუგზავნა’’ საიდანაც ირკვევა, რომ მომდევნო წელს სახელმწიფო 3.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს, ხოლო სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალს აიღებს, შესაბამისად 2022 წელს მთავრობის ფინანსური ვალდებულებები 4.4 მილიარდი ლარით გაიზრდება
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oxKEFR
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
30 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2021 წელს რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს ჯამში 332.9 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად 1 ოქტომბერს დოლარის კურსი ლართან მიმართებით 0,39 თეთრით გამყარდა, თუმცა მეორე დღესვე, 2 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1345 ლარამდე გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mh8AKP ; https://bit.ly/3uFWjne
4. საქართველო 12 კომერციულ საარბიტრაჟო დავაშია - მიმართავს თუ არა ENKA საერთაშორისო არბიტრაჟს
საქართველო ამ ეტაპზე 12 საარბიტრაჟო დავაშია ჩართული, ხოლო იურიდიულ მომსახურებაში მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ჯამში 85.7 მილიონ ლარს ხარჯავს, რაც მკვეთრად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, ამავე დროს ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ხარჯი მზარდი ტენდენციის ხასიათდება. ამასთან, მთავრობა არ გამორიცხავს, რომ კომპანია "ENKA’’-მ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს და შეუმდგარ პროექტში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს, რაც კიდევ დამატებითი ფინანსური ვალდებულება იქნება სახელმწიფოსთვის და გადასახადის გადამხდელთა ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B5FxQR ; https://bit.ly/3D8m56E
5. სად დააბანდებს საპენსიო სააგენტო მოქალაქეების დანაზოგებს
საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” ოფიციალურად გახდა, რომელსაც როგორც ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში, ისე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელება შეეძლება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39Z95n1 ; https://bit.ly/3opZluJ ; https://bit.ly/2YdbYi5
6. რეკორდულად გაზრდილი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
ბოლო 2 თვეში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად - 67,266 ადამიანით გაიზარდა და სულ 622,923 მოქალაქე შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 16.7%-ია. მიუხედავად ბოლო თვეებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ის პოზიტიურად ვერ აისახა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, პირიქით ამ პერიოდში გვაქვს უმუშევრობის დონის ზრდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობისა და შესაბამისად სიღარიბის დონის ზრდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WCZRtQ
7. დევნილთა სააგენტო 570 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლს იყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს უყიდის. ოჯახებს სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ ქვეყნის მასშტაბით შეარჩიონ სახლები. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 5 000 დევნილი ოჯახის განსახლება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3A5kE6X
8. როგორია ქართული ბანკების აქტივების მოცულობა და საგარეო ვალი
ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მონაცემებით ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 40.07 მილიარდ ლარს შეადგენს, ამ ფონზე კი საბანკო სექტორის აქტივების ზომა 57.49 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მოქმედ ბანკებს 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საგარეო ვალი აქვთ, თუმცა ამ სფეროს გამართული ფუნქციონირების გათვალისწინებით, აღნიშნული ვალის მომსახურება მათთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3l26Hm2 ; https://bit.ly/3AaChC9
9. რას გულისხმობს “დროებითი ბანკი” და ვის ექნება მისი შექმნის უფლება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს “დროებითი ბანკის” შექმნის უფლება ექნებათ, რომლის ფუნქციაც კონკრეტული კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის პირობებში კონკრეტული ფინანსური ოპერაციების შესრულებას წარმოადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Fdr9Iw
10. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვეში სულ 194 იპოთეკური სესხია დამტკიცებული
2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში, ან მრავალშვილიანი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში 1 თვის განმავლობაში სულ 194 იპოთეკური სესხი დამტკიცდა, რომელთა ჯამური მოცულობა 21 292 903 ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროგრამას, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WE8c0m