გთავაზობთ გასული კვირის (22 – 27 ნოემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. რას გულისხმობს 2021 წლის 1 დეკემბრიდან დაგეგმილი "მწვანე პასპორტების" რეგულაცია
2. მთავრობა აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას გეგმავს
3. როგორ გეგმავს მთავრობა სოცდაუცველების დასაქმებას
4. რა ცვლილებებია 2021 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში
5. საქსტატის ანგარიში სახელმწიფო კომპანიების შესახებ
6. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა „ბიზნეს სახლის“ და საპარტნიორო ფონდის მიმართ
7. საქართველოს კომერციული ბანკების მოგება და აქტივების მოცულობა ოქტომბრის მონაცემებით
8. დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯებს მთავრობა 2022 წლის 1 იანვრამდე დააფინანსებს
9. როგორ განაწილდება "ენგურჰესის" ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის
10. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის კვლევა - საწვავის ფასები რეგიონში
1. რას გულისხმობს 2021 წლის 1 დეკემბრიდან დაგეგმილი "მწვანე პასპორტების" რეგულაცია
2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტების" რეგულაცია ამოქმედდება, რაც გულისხმობს, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში მომხმარებლებს მხოლოდ "მწვანე პასპორტებით" შეეძლებათ შესვლა. წესის დარღვევა ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს, განმეორებით შემთხვევაში კი მის დალუქვას. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ და 23:00 საათის შემდეგ სტუმრების მიღებას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cQlPOo ; https://bit.ly/2Zrcauw
2. მთავრობა აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას გეგმავს
პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, რომ პირველ ეტაპზე ონლაინკაზინოებს გაუზარდონ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე აწიონ ბარიერი, ხოლო მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ-კაზინოები. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1.5 მილიარდი ლარი გაედინება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რეგულირების ახალი მოდელის პრეზენტაცია ერთ კვირაში გაიმართება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xxosOs ; https://bit.ly/3cW0Hq1 ; https://bit.ly/3xvrBhW https://bit.ly/3FQWW1B
3. როგორ გეგმავს მთავრობა სოცდაუცველების დასაქმებას
ბოლო მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 633,000 მოქალაქე იღებს, რაც მოსახლეობის 17%-ია. პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ,,სოციალურად დაუცველთა შორის 200,000 მაინც შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ.’’ შესაბამისად, პრემიერმა დაანონსა მათთვის დასაქმების პროგრამის შექმნა. ამავე დროს, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს შემოსავლები არათუ შეუმცირდებათ, არამედ გაუმჯობესდებათ. ხოლო სეზონური სამუშაოს დასრულების შემდეგ კვლავ შეუნარჩუნდებათ დახმარება. მომდევნო, 2022 წელს კი პრემიერ მინისტრი 50 000 სოცდაუცველს დასაქმებას დაპირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cU739t ; https://bit.ly/3FXa8SK ; https://bit.ly/3o1BSz6 ; https://bit.ly/3xuqWxf
4. რა ცვლილებებია 2021 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში
მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები 297 მილიონი ლარით იზრდება და 19.97 მილიარდი ლარი ხდება. ხარჯების ნაწილში ძირითადი ზრდა კი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზეა მიმართული. ასევე ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდით არის წარმოდგენილი თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები. ხარჯების ზრდასთან ერთად, სხვადასხვა საგადასახადო შემოსავლების ზრდის შედეგად, 300 მილიონი ლარით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rmNHlw
5. საქსტატის ანგარიში სახელმწიფო კომპანიების შესახებ
საქსტატის ანგარიშის მიხედვით მთავრობას და მუნიციპალიტეტებს სულ 1 443 შპს და სააქციო საზოგადოება აქვთ დაფუძნებული, სადაც ჯამში 56,435 ადამიანი მუშაობს, რომელთა სახელფასო ფონდი წლიურად 770 მილიონ ლარს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობით კი საქართველოს რკინიგზა ლიდერობს, რომელსაც 12 500 თანამშრომელი ჰყავს. 2020 წლის ფინანსური მონაცემებით სახელმწიფო კომპანიების ზარალმა 1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 630 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/32tjvec
6. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა „ბიზნეს სახლის“ და საპარტნიორო ფონდის მიმართ
„ბიზნეს სახლის“ პროექტის განხორციელება მთავრობამ 2016 წელს დაანონსა, კონსტრუქციის მშენებლობაშიც 10 მლნ ლარი გადაიხადეს. თუმცა შენობისთვის შესაბამისი დანიშნულების მოძიება არ მომხდარა. შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, საპარტნიორო ფონდს გადაეცა, მაგრამ მისი კომერციულ ფართად გამოყენება არარენტაბელურია, ამიტომ აპირებენ დამატებითი ტერიტორიის აღებას და მის გვერდით საცხოვრებელი, საოფისე და სასტუმროს კომპლექსურ მშენებლობას.
ბოლო რამდენიმე წელია, IMF-ის რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდის დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დღის წესრიგში დგას. მთავარ საკითხად საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსება განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი და თავად ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საბიუჯეტო დაფინანსების წინააღმდეგია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3E159j0 ; https://bit.ly/3lghwAq
7. საქართველოს კომერციული ბანკების მოგება და აქტივების მოცულობა ოქტომბრის მონაცემებით
ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ 59.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.03 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. აქტივების მოცულობის მიხედვით რეიტინგის პირველ სამეულში არიან თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და ლიბერთი ბანკი. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის მონაცემებით საბანკო სექტორში სესხების მოცულობა 41.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 14-მა კომერციულმა ბანკმა ჯამში 1.76 მილიარდი ლარის მოგება მიიღო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FX5d4e ; https://bit.ly/3IbM7t5 ; https://bit.ly/3FTRXgB
8. დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯებს მთავრობა 2022 წლის 1 იანვრამდე დააფინანსებს
მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებით, ,,სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, ასევე სპორტული და სავარჯიშო დარბაზებში დასაქმებულებს მთავრობა სავალდებულო ტესტირებას 2022 წლის 1 იანვრამდე დაუფინანსებს, ნაცვლად აქამდე დადგენილი 1 ნოემბრისა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FSZ1Ku
9. როგორ განაწილდება "ენგურჰესის" ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის
"ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას განცხადებით, წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ზეპირი შეთანხმებით დადგენილი ელექტროენერგიის მიწოდების ბალანსი აღდგება და "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-მდე აფხაზეთის რეგიონს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვა რეგიონებზე გადანაწილდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xte22u
10. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის კვლევა - საწვავის ფასები რეგიონში
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის კვლევის მიხედვით საქართველოსთან შედარებით საწვავზე დაბალი ფასი მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაშია, რომლებიც თავის მხრივ ნავთობმომპოვებელი ქვეყნებია. აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი საქართველოზე ძვირია, რადგან ის იმპორტირებულია. ქვეყანაში საწვავის ფასის მთავარი განმსაზღვრელი ვალუტის კურსი და აქციზის გადასახადია. ამას ემატება, ტრანსპორტირების ხარჯი და რა თქმა უნდა ასევე გასათვალისწინებელია, თუ რამდენად კონკურენტული გარემოა შექმნილი ბაზარზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rdy9AL