საქორწილო მომსახურების ცენტრის DRESSCODE-ის განცხადებით, გასულ წელს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის ზრდა მკაფიოდ გამოიკვეთა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ხათუნა დოჭვირმა ისაუბრა.
მისი თქმით, 2025 წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა, თუმცა გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, DRESSCODE-მა ფასების შენარჩუნება მაინც მოახერხა.
„გასული წელი ჩვენთვის ძალიან აქტიური იყო და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაიზარდა, ფასები არ დაგვიკორექტირებია, რადგან მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენთვის პრიორიტეტულია“, – აცხადებს ხათუნა დოჭვირი.
მისივე ინფორმაციით, DRESSCODE-ში საქორწილო კაბის ქირის ფასი 500 ლარიდან 2 000 ლარამდე, ხოლო შეძენის ღირებულება 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობს და კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული.
„ფასები მთლიანად კაბის მოდელსა და დიზაინზეა დამოკიდებული - როგორც ქირაობის, ისე შეძენის შემთხვევაში“, – განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის მონაცემებით, გასულ წელს, მოთხოვნა მაღალი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან. გაყიდვების სტრუქტურაში ქართველი მომხმარებლის წილი 70%-ს, ხოლო უცხოელების - 30%-ს შეადგენდა.
„განსაკუთრებით აქტიური იყო მომხმარებელი ისრაელიდან, ირანიდან და იტალიიდან. ხოლო, ინდოელი მომხმარებლის წილი მინიმალური იყო“, – აღნიშნავს დოჭვირი.
როგორც ის ამბობს, მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი აქტივობა წინასწარ ჯავშნებშიც აისახა: „წინასწარი ჯავშნები, როგორც წესი, 6 თვით ადრე იწყება. ამ ეტაპზე, აპრილის ჯავშნები უკვე თითქმის სრულად შევსებულია“, – ამბობს ხათუნა დოჭვირი.
რაც შეეხება გასული წლის შეფასებას, დოჭვირი ამბობს, რომ 2025 წელს მათთან მომხმარებელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და შედეგად, გასულ წელს მინიმუმ 30%-იანი ზრდა ჰქონდათ.
2026 წელს კი, DRESSCODE საერთაშორისო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. კომპანიას სხვადასხვა ქვეყნისგან, მათ შორის გერმანიისგან, მიღებული აქვს მოწვევა მოდის კვირეულებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ბრენდის გლობალურ პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს.




























