გასული წლის იანვართან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება და გენერაცია შემცირდა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში, იანვარში, ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 მლრდ 149.460 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (1 მლრდ 169.807 მლნ კვტ.სთ) თითქმის 2%–ით ნაკლებია.
რაც შეეხება გენერაციას, ესკო–ს მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში არსებულმა ელექტროსადგურებმა ჯამურად 1 მლრდ 011.039 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული წლის იანვარის მაჩვენებელზე (1 მლრდ 014.203 მლნ კვტ.სთ) უმნიშვნელოდ, 0.3%–ით ნაკლებია.
იანვარში ელექტროენერგიის გენერაციაში ყველაზე დიდი წვლილი ჰიდროსადგურებმა შეიტანეს – 600.598 მლნ კვტ.სთ. თბოსადგურების გენერაციამ ამ პერიოდში 404.608 მლნ კვტ.სთ, ქარის სადგურის გამომუშავებამ კი – 5.833 მლნ კვტ.სთ შეადგინა.