მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაწევრიანების შეჩერება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – საჯარო რეესტრის 236 თანამშრომელი

საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 235-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.

თანამშრომლები ხაზგასმით წერენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.

"მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერთა რაოდენობა ცვალებადია და განცხადება ხელმოსაწერად ღია არის სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომლისთვის.

ახლანდელი მოცემულობით, განცხადებას 236 ხელმომწერი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები