კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საწვავის ბაზარზე როგორც იმპორტის, ასევე საცალო მიმართულებით კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია.
საწვავის ფასთან დაკავშირებით კი სააგენტო წერს, რომ 2021 წელს Platts-ის, ანუ გადამუშავებული საწვავის ფასი გლობალურად 65%-ით გაიზარდა, რისი ზრდის დაბალანსებაც 2021 წელს ლარის 6-7%-იანმა გამყარებამ ვერ შეძლო, ამიტომაც სარეალიზაციო ფასი გაიზარდა.
"საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 58.8%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 41.2%-ის ფარგლებშია. 2013 წელს ბაზარზე მხოლოდ ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტი იყო წარმოდგენილი. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2021 წელს კი 1232; ზრდა შეადგენს 29%–ს. საცალო დონეზე ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.
2021 წელს ფიქსირდება საცალო ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი 5 კომპანიის შემადგენლობის ცვლილება. „ხუთეულში“ ახალი კომპანიის შესვლა ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით დადებით გარემოებას წარმოადგენს.
2021 წელი გამოირჩეოდა პლატსის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ლარის გაცვლითი კურსის გამყარება/სტაბილურობა, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაზრდილი ფასის სრულად დასაკომპენსირებლად; პლატსის ფასი ზრდამ 2021 წელს შეადგინა, დაახლოებით, 65%, კურსის გამყარების მაჩვენებლემა, დაახლოებით, 6-7%. ადგილობრივ საცალო ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება, ძირითადად, აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, (2-4 კვირის შუალედი).
საცალო ბაზარზე მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის არსებული ფასთა დიაპაზონი წარმოადგენს მომხმარებლის დამატებით არჩევანს. მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე 30-45 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა. სხვაობა, ძირითადად, განპირობებულია რუსეთიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავით, რომლის რეალიზაცია მცირე ქსელებთან ერთად ხორციელდება რიგი მსხვილი კომპანიების დონეზეც,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.




























