მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ექიმია ჩართული - აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილი და მედიკამენტები

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საეჭვო ქვეყნებიდან, გაურკვეველი წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ონკოლოგია ჩართული. ამის შესახებ ექსმინისტრი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელშიც ზურაბ აზარაშვილი უწყებაში მუშაობის 2-წლიან საქმიანობას აფასებს.

მისი შეფასებით, სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებამ ძვირად ღირებული წამლების ფასი 50%-ით შეამცირა და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შექმნა, თუმცა მისი აზრით, სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, რაზეც სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება", - წერს ყოფილი მინისტრი და დასძენს, რომ დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350 მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20 მლნ ლარი იყო.

ამავე განცხადებაში ზურაბ აზარაშვილი ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობაში არსებულ უკმაყოფილებაზეც საუბრობს და წერს: "დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები