მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Swiss Capital-ი, რომელიც წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობას "სკაპის" სახელით აგრძელებს. კომპანიის ინფორმაციით, რებრენდინგის მიზანი უფრო მოქნილი, სწრაფი და ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე ხაზგასმა იყო. „სკაპის“ აღმასრულებელი დირექტორი გია კერესელიძე "საქმიანი დილის" ეთერში ამბობს, რომ თვითდასაქმებულების და მიკრობიზნესების აქტიურ დაკრედიტებას გეგმავენ.
"Swiss Capital-ის ახლა უკვე "სკაპის" 15 წლიანი წარმატებული ისტორია შეიძლება პირობითად გავყოთ ოთხ ეტაპად. პირველი პერიოდი საფილიალო ექსპანსია იყო, როდესაც მაქსიმალურად განვავითარეთ ჩვენი საფილიალო ინფრასტრუქტურა და დღეს 500 თანამშრომლით და 35 ფილიალით ვართ ბაზარზე წარმოდგენილი.
მეორე იყო პროდუქტების დივერსიფიკაციის პერიოდი, როდესაც მრავალი, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტები შევქმენით და შევთავაზეთ ბაზარს. მესამე პერიოდს ვუწოდებ ტექნოლოგიზაციის პერიოდს, როცა შევეცადეთ სრულად გაგვემართა IT ინფრასტრუქტურა. 2021 წლიდან იწყება უკვე ციფრული ტრანსფორმაცია, ე.წ მეოთხე პერიოდი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ამ პერიოდის სტრატეგიული ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული არხების საშუალებით ბაზარს მივაწოდოთ მაქსიმალურად მარტივი და ინოვაციური სერვისები. პირველ რიგში მომხმარებელი მიიღებს უკვე გამარტივებულ, ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს. ამასთან, გავაძლიერებთ თვითდასაქმებულების და მიკრომეწარმეების დაკრედიტებას და ამ თვალსაზრისითაც კომპანია გაასწორებს ასე ვთქვათ, საკუთარ სტრატეგიულ ფოკუსს", - ამბობს კერესელიძე.



























