BMG-იმ მილანში ADB-ის 58–ე ყოველწლიურ კონფერენციაზე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში ლესლი ბერმან ლამთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. ბანკის ამ მასშტაბურ ფორუმს წელს 5000–მდე დელეგატი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრა ოფიციალური სესიების მიღმა, პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობასაც იძლევა. დავინტერესდით, რა მონაგარით ბრუნდება საქართველო წელს აზიის განვითარების ბანკის 58–ე ყოველწლიური კონფერენციიდან.
რა მოაქვს საქართველოს აზიის განვითარების ბანკის 58–ე ყოველწლიური შეხვედრიდან?
საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ დარწმუნდეს, რომ აზიის განვითარების ბანკი იზიარებს საერთო ამოცანებს და იმ მიმართულებებს, რომლებიც გაწერილია ქვეყანასთან თანამშრომლობის დოკუმენტში, რომელიც ამ ეტაპზე 2025–2028 წლებს ფარავს. კარგი შესაძლებლობა იყო ახალ პრეზიდენტთან შესახვედრად. დიახ. ეს არის – საერთო ამოცანების კიდევ ერთხელ გაცვლა და განმტკიცება.
პროექტების და რიცხვების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, ამ ნაწილში რა წინსვლა ჰქონდა წელს საქართველოს?
ახალი პროექტები ყოველწლიური შეხვედრების მონაგარი, როგორც წესი, არ არის ხოლმე. ჩვენ იმ პროექტებზე ვსაუბრობთ ძირითადად, რომელთა დაგეგმვას და განხორციელებას რამდენიმე წელს ვანდომებთ. ეს უკვე დიდი ხნის წინ შეთანხმებული პროექტებია. იუჯინმა [იუჯინ ჟუკოვი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი] ახსენა ბათუმი–სარფის შემოვლითი გზა, ასევე, ვიმედოვნებთ, რომ დავასრულებთ აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალს. ხელი მოვაწერეთ ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტს. ეს ADB-ის უმსხვილესი ინვესტიციაა ენერგიის შემნახველ ბატარეაში და პირველი ასეთი ინვესტიციაა რეგიონში. ეს პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
რამდენიმე შეხვედრას დავსწრებივარ და წელს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეტი აქცენტი კეთდება კერძო სექტორზე – რამ მოიტანა ეს ცვლილება?
დაგეთანხმები. მეც დამრჩა ეგ შთაბეჭდილება მმართველთა გუშინდელი სესიის შემდეგ. თუმცა, ეს ცვლილება არ არის, რადგან ჩვენ ამაზე უკვე წლებია ვსაუბრობთ. ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როცა პირველად ვახსენეთ კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობა განვითარებაში. წელს უკვე იმ წერტილს მივაღწიეთ, როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც იყოს ჩართული განვითარების პროექტების მხარდაჭერაში. ჯერ ერთი, საკმარისი ფული არ არის – მთავრობები ყველაფერს ვერ დააფინანსებენ, პრიორიტეტები სჭირდებათ, არჩევანის გაკეთება. ამდენად, რასაც ფულის მოტანა შეუძლია, ის კერძო სექტორმა უნდა დააფინანსოს, რაც თავისი არსით მოგებიანი ვერ იქნება – სოციალური სერვისები, მაგალითად – მთავრობამ. ვფიქრობ, წინა პლანზე ამ აქცენტის წამოწევას ხელი მიმდინარე გეოპოლიტიკურმა სიტუაციამაც შეუწყო. თუმცა, ეს ცვლილება ნამდვილად არ არის. ჩვენ გვაქვს რესურსის მობილიზების სამიზნეებიც – ჩვენ გამოვყოფთ გარკვეულ ინვესტიციას, მაგრამ ამასთან, გვინდა, რომ თითოეულმა ინვესტირებულმა დოლარმა მულტიპლიკაციის ეფექტი განიცადოს. ჩვენ რისკის შემამცირებლებიც ვართ გარკვეულწილად და ამან კერძო სექტორის ინვესტიციებიც უნდა წაახალისოს. საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეულია, რადგან ძალიან სიცოცხლისუნარიანი კერძო სექტორი გვყავს და ბევრი პროექტიც განგვიხორციელებია მათი ჩართულობით – თიბისი ბანკი, კრისტალი, საქართველოს კაპიტალი. ჩვენი პორტფელი 50/50–ზეა, რაც ნამდვილად განსაკუთრებულია და ამით ძალიან ვამაყობ. ფინანსთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ კმაყოფილია ADB-ისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით.
მომავლის ხედვით დავასრულოთ – შუა დერეფნის პერსპექტივა საქართველოსთვის რეალისტურია?
საქართველო ბუნებრივი კარიბჭეა. თუმცა, საქართველოს ამბიცია – და ამაზე არაერთხელ, სხვა დროსაც გვისაუბრია – არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის ათვისებით. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეკონომიკური ზრდით ბოლომდე ვისარგებლოთ და შევქმნათ დოვლათი. ვფიქრობ, მთავრობაც აცნობიერებს ამას. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით საკვანძო პრიორიტეტებს, გავაგრძელებთ ამ ტრაექტორიის განვითარებას და საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას მომავალშიც.




























