მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გასაძლიერებლად რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედებების ფონზე - EU

საქართველო

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, 19 სექტემბერს, ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაგრძელებას ოკუპირებულ რეგიონებში და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებები კვლავ ირღვევა.

"2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 16 წელი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი მტკიცე რჩება.

ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გადასასვლელების დაკეტვით და უკანონო დაკავებებით რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის.

გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე.

ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები