სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე გუშინ აღსრულების მიერ გამოსახლების პროცესის სიმძიმე აჩვენებს, სადამდე შეიძლება მივიდეს მმართველის სიბრმავე, უგულობა და უცოდინარობა. ასე ეხმიანება ის ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერის 24 ივლისის საღამოს გაკეთებულ განცხადებას.
თამთა მიქელაძე 5 მთავარ საკითხს სვამს, რომლითაც მომხდარში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აანალიზებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ თბილისის მერმაც უნდა იცოდეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სოციალურ პოლიტიკაზე თუ გონებას, გულს და ენას უფრო დაძაბავს ასევე კარგი იქნება.
"მოვუსმინე ბატონი კახა კალაძის წინასწარ ჩაწერილ და დამონტაჟებულ ვიდეო კომენტარს თვაჭრელიძის ქუჩის რეპრესიულ გამოსახლებაზე. ის ამბობს, რომ მერიის პასუხისმგებლობა ამ ეპიზოდში მინიმალურია, რადგან 1. ოჯახების ნაწილი დევნილი იყო და მათი განსახლების ვალდებულება მერიას არ ეკისრება; 2. გამოსახლებული პირებიდან მხოლოდ 9 უსახლკარო ოჯახი იყო თბილისში რეგისტრირებული და მათგან 2 ოჯახს ქირის თანხა გადაეცა, დანარჩენებმა თავად თქვეს უარი და ამის იქით მე პასუხისმგებლობა არ შეიძლება დამეკისროსო; 3. სხვა გამოსახლებულები (ანუ უფრო დიდი ნაწილი) საერთოდ თბილისელები არ არიან და ამიტომ მათზე კიდევ უფრო არ მაკისრია პასუხისმგებლობაო. მერი შეწუხდა ჩვენს არათანმიმდევრულობაზეც: ვაგზლის ტრაგედიის დროს შენობიდან მცხოვრებლების იძულებით გამოსახლებას მთხოვდით (არავინ სთხოვდა, სპეკულაციაა) და ახლა ისევ უსაფრთხოების გამო გამოსახლების შემთხვევაზე გვაკრიტიკებთო. კახა კალაძე ნამდვილად მართალია, როცა აღნიშნავს, რომ გამოსახლების პროცესზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანო მერია არ არის. მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში იქნებ მერმა საკუთარ თავს რამდენიმე კრიტიკული კითხვა დაუსვას:
- თუნდაც თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების ნაწილში რატომ თქვა 9-დან 7 ოჯახმა უარი მის მიერ შეთავაზებულ ქირის დახმარებაზე?იქნებ იმიტომ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული ქირის ოდენობით თბილისში რეალურად ბინის ქირაობა შეუძლებელია? იქნებ სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ოჯახები მძიმე, სახიფათო პირობებში დარჩენას და ძალიან კარგად ხვდებიან რომ არჩევანი ფაქტობრივად არ აქვთ.
- რატომ არ სარგებლობენ ადამიანები ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით და რისკის ზონებში ამჯობინებენ ცხოვრებას?იქნებ იმიტომ, რომ ალტერნატიული საცხოვრებლები ქალაქის პერიფერიებში უსამართლო და არასათანადო შეთავაზება, ან განსახლებამდე დაპირებული ქირის თანხა მიზერულია და ეს პროგრამები პრაქტიკულად არ ქმნის სიცოცხლისთვის სასურველ ან მისაღებ გამოსავალს?!ამ კითხვებს კახი კალაძე არც კი სვამს. მაგრამ უფრო შორს უნდა წავიდეთ. კალაძე ხომ მხოლოდ მერი არ არის, ის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს წევრია და წესით მას ეკისრება ვალდებულება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უფრო ფართოდ დაინახოს და მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში არ ჩადგეს.
გავარჩიოთ სად ჩანს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მომხდარში:
- დევნილების საკითხიდევნილთა განსახლებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია 96,130 დევნილი ოჯახი, აქედან თითქმის ნახევარი(43,792 ოჯახი) ჯერ კიდევ განსახლების მოლოდინის რეჟიმშია.ბოლო წლების მონაცემებით, სახელმწიფო მხოლოდ დაახლოებით 2500 ოჯახს ასახლებს წელიწადში. ამ ტემპით სრულ განსახლებას 20 წელზე მეტი დასჭირდება. თუმცა თუნდაც ბოლო 2 წლის მოვლენებს რომ დავაკვირდეთ: 2024 წელს არცერთი ე.წ. ნგრევადი ობიექტი არ დახურულა; 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილი განსახლება 2026 წლამდე გადაიდო თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში; "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა დაპირებაზე, რომ 13 000 დევნილი ოჯახის 2025 წელს განსახლებოდა. ანუ კონფლიქტიდან 32 წლის შემდეგაც დევნილები იძულებულნი არიან დასახლდნენ მიტოვებულ, ავარიულ შენობებში და სახელმწიფო აქედანაც ასახლებს მათ.
აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დგას? ამ პასუხისმგებლობის შესახებ არ იცის კახა კალაძემ?
- უსახლკარობის პრობლემასაქართველოში
არ არსებობს სახელმწიფოს დონეზე უსახლკარობის დაძლევის პოლიტიკა.მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდით სათანადო საცხოვრისის უფლების სამართლებრივ და პოლიტიკური უზრუნველყოფას, ამ საკითხს ვერ მოეძებნა ადგილი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაშიც კი.დღეს უსახლკარობის პრობლემა სრულად გადაბარებულია თვითმმართველობებზე: მათ ევალებათ რეესტრების შექმნა და თავშესაფრებით უზრუნველყოფა. თუმცა მათ ამისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ და ეს სრულიად არასაკმარისი პასუხია უსახლკარობაზე. ცხადია, საცხოვრისის კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, არასწორია უსახლკარობის სისტემურ და მძიმე პრობლემაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ თვითმმართველობებზე დაკისრება, საჭიროა ცენტრალურ დონეზე სათანადო საცხოვრებლის პოლიტიკის შემუშავება, რაც არ გვაქვს საერთოდ.
აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დგას? ამ პასუხისმგებლობის შესახებ არ იცის კახა კალაძემ?
- შიდა მიგრაცია და თბილისში ჩამოსული ადამიანები რეგიონებიდან
კალაძე ამბობს, რომ გამოსახლებული ადამიანების დიდი ნაწილი თბილისელი არ არის და, შესაბამისად, მასზე მერიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება და ხელი დამიბანიაო. მაგრამ დავსვათ კითხვა: რატომ არის ასეთი მაღალი შიდა მიგრაცია და რეგიონებიდან ადამიანები ინტენსიურად რატომ ჩამოდიან თბილისში? პასუხი ცხადია: საქართველოში რეგიონული სოციალური უთანასწორობა უკიდურესად მაღალია. მაგალითად, ბოლო 2 წელს ეკონომიკური ზრდის 75% მოდის თბილისსა და ბათუმზე, სხვა დასახლებები კი სრულად არის გამოთიშული ეკონომიკურ ცხოვრებას. ეს ვითარება მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანი არაა, ვინც ქალაქში ჩამოვიდა, ეს სახელმწიფოს სისტემური მარცხია ჩვენს სოფლებსა და დაბებში.
აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დგას? ამ პასუხისმგებლობის შესახებ არ იცის კახა კალაძემ?
მიმართვის ბოლოს კალაძემ ბედნიერი საღამო გვისურვა, უკვე მას შემდეგ, რაც ურცხვად გაასაჯაროვა კონკრეტული ოჯახების საკუთრებაში არსებული სოფლის სახლების, სკუტერებისა და მანქანების შესახებ ინფორმაცია.
კადრი: გაპრიალებული, ნავაროტკებით გალამაზებული, უმდიდრესი მერი სკუტერის მიმტანს ქონებას უთვლის და ადანაშაულებს, საკმარისად ღარიბი და უსახლკარო არ ხარო.
მოკლედ, ეს ამბავი აჩვენებს, სადამდე შეიძლება მივიდეს მმართველის სიბრმავე, უგულობა და უცოდინარობა. მაგრამ ოპოზიცია სოციალურ პოლიტიკაზე თუ გონებას, გულს და ენას უფრო დაძაბავს ასევე კარგი იქნება", - წერს თამთა მიქელაძე.
ცნობისთვის, თბილისში თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი დღეს, 24 ივლისს დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა.




























