პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსშია შეფასებული. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რა რეფორმების გატარებას აპირებს "ქართული ოცნება" ბიზნესკლიმატის და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, რამდენადაც ბიზნესი მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ძირითად რეფორმად დღემდე მხოლოდ მოგების გადასახადის რეფორმას იხსენებს.
საპასუხოდ, დავითაშვილმა გეგმებზე არ ისაუბრა და გაუქმებულ Doing Business რეიტინგში საქართველოს პოზიციონირებაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა წარსულზე საუბრის დროსაც მაგალითად არცერთი კონკრეტული რეფორმა არ მოუყვანია.
"მე ვფიქრობ, რომ ბიზნესთან ალბათ შეიძლება ერთად დავსხდეთ და ძალიან ბევრ რეფორმას შევახსენებთ. რა თქმა უნდა, გავატარეთ არაერთი რეფორმა, რომელზედაც არ ვსაუბრობთ, რომ ეს იყო წარმატებული და კარგი რეფორმები, მაგრამ ეს არის იმ ინდიკატორებში, ინდექსებში და მაჩვენებლებში გამოხატული, რომელსაც საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიტეტის მქონე ექსპერტული კომპანიები აფასებენ, მათ შორის "მსოფლიო ბანკი" და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც ასახავს ზოგადად ბიზნესს კლიმატს იცით, რომ არის "მსოფლიო ბანკის" ე.წ. Doing Business-ის რეიტინგი, სადაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მუდმივი პროგრესი გვქონდა",- ამბობს ლევან დავითაშვილი.