მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის შინაარსი და ინიცირების დრო რისკებს შეიცავს - ადვოკატთა ასოციაცია

64004bdb0cf25
ინგა მურუსიძე
02.03.23 11:04
1004
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

"არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად - „უცხოური გავლენის აგენტი,“ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად", - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები