შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძის ბრალდბეასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებისთვის თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს:
"თავიდანვე მინდა ვთქვა რომ ყველა ფორმატში, იქნე ეს პროკურატურა თუ პარლამენტი მე მზად ვარ რომ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებსა და შეფასებებზე, რომლებიც მე მაქვს. მე გამოვყოფ პირადად ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს. პირველი ეს გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, [მამუკა ხაზარაძის მხრიდან] პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო, შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებსა და სამწუხაროდ ეს გამოვიდა. და ყველაზე მთავარია ის რომ, მე როგორც ვიცეპრემიერს და ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ძალიან კარგად მესმის ამ პორტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისტვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ობიექტი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ ანაკლიის ღარმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, უკიდურესად სამწუხაროა ის, რომ სკანდალების, და შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს აარიდონ თავი და ამით დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ანაკლიის პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კონტექსტში და არავის არ გამოუვა, ვიმეორებ არავის არ გამოუვა, არცერთ შემთხვევაში რომ შეთქმულების თეორიებით სკანდალებით და ჭორაობებით ვალდებულებებს, რომლებიც აღებულია წლების წინ თავი აარიდოს,"- ამბობს გახარია.

























