შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისში, ჰესის მშენებლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში, დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს.
მინისტრი პანკისში, „ხადორი-3“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვადასხვა უწყებებმა პროექტის შეფასებების დროს შეცდომა დაუშვეს.
„ის, რაც ხდებოდა 21 აპრილამდე და აქ არის რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ჰესის მშენებლობა, რომელზეც გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა 2-3 წლის წინ. მშენებლობა შეჩერებული იყო 1,5 წლის წინ. იქ გარკვეული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს იყო სხვადასხვა უწყებების კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა: შსს, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბევრი სხვა სამინისტრო. როგორც ჩანს, ამ შეფასებებში გარკვეულ მომენტში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული, გაპარული იყო, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია, რომ არასათანადო კოორდინაციაც იყო. ფაქტობრივად, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ვინმემ შეაფასოს, რომ ეს იყო კარგი შედეგი, რა თქმა უნდა, ეს იყო ცუდი შედეგი“, აცხადებს გახარია.

























