„მე ხაზარაძეზე მეტი თმენის ვალდებულება მაქვს და ამას ბოლომდე განვახორციელებ,“ - ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“ TBC ჯგუფის და მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გახარია აღნიშნავს, მუქარის წერილთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებას რა მოტივი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ მას უნდა ჰკითხოს.
„მე მქონდა ამაზე ჩემი აბსოლუტურად ღია რეაქცია გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღესაც შემიძლია, თუმცა თავს შევიკავებ. ხაზარაძის განცხადებას წერილთან დაკავშირებით რა მოტივი ჰქონდა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე მამუკა ხაზარაძეზე მეტი თმენის ვალდებულება მაქვს და ამას ბოლომდე განვახორიცელებ.
რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნებოდი იმ პოზიციაზე, რომ არ ვიყო რა პოზიციაზეც ახლა ვარ. ასევე ამ ყველაფერს იმდენად არათანმიმდევრული განცხადებები მოჰყვა, რომ ვფიქრობ, ამაზე ჩემი მწვავე რეაქცია არასწორი იქნება, რადგან ბევრი რამ ითქვა, შემდგომ გადაითქვა. ითქვა ისიც, რომ გახარია „თიბისი“ ბანკიდან წილების დათმობას ითხოვს,“ - განაცხადა შსს მინისტრმა.
მინისტრის თქმითვე, მამუკა ხაზარაძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქეა და მას სხვა მოქალაქეებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით მიმართავენ.
„ზოგიერთი მოქალაქე ხაზარაძის მსგავსად გარკვეული სახის პრეტენზიებს და ბრალსაც გვიყენებს, რაზეც ჩვენ წყნარად, მშვიდად, პროცედურულად ვპასუხობთ,“ - განმარტა „პირველებში“ გახარიამ.
შს მინისტრი ირწმუნება, რომ მას წერილი არ დაუწერია და არც მამუკა ხაზარაძისთვის გაუგზავნია.

























