გახარია პანკისის მოვლენებზე: შს სამინისტროს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული
ელენე გოგბერაშვილი
10.05.19 16:04
• 1286
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისში საპოლიციო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. მინისტრი აცხადებს, რომ შსს ამ შემთხვევაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ იკვეთება სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობა, მათ შორის აღიარებს იმასაც, რომ შსს-ს მხრიდან არ იყო სათანადო ანალიზი გაკეთებული.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, მე ახლა წარმოვადგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა კრიტერიუმებით, რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი ან არ უნდა აშენდეს, არ არის ჩემი კომპეტენცია. ამ კომპეტენციაში მე არ შევალ. შსს-ს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შსს ვალდებულია დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებდით იმ დღეს იქ, თუმცა პასუხისმგებლობა ყველას თავის სეგმენტის ნაწილში აქვს. ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული“-განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.