მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია TBC-ზე: დღეს ეს ბანკი საფონდო ბირჟაზე ივაჭრება უფრო ძვირად, ვიდრე ადრე

5ca132cc44295
BM.GE
01.04.19 01:34
3935
“დღეს ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ეს იყო ადრე,”- ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, სახელმწიფო აღნიშნულ საქმეს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უდგება. ინტერვიუში გახარია იმის მიუხედავად რომ მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს, მის სახელს არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ქმედებებით სახელმწიფოს რეპუტაცია დააყენა სასწორზე.

“კონკრეტულ ადამიანებზე და მათ საქციელზე საერთოდ არ ვილაპარაკებ, არ მაინტერესებს. მთელი პრობლემაა, რომ ადამიანები თავიანთი ვიწრო სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე ისე დებენ სასწორზე ქვეყნის რეპუტაციას, რომ ამაზე არც ფიქრობენ. კარგი მაგალითი იყო ბანკი, რომელიც ასევე იყო გარკვეული თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ დღეს ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ეს იყო ადრე. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო ამას აცნობიერებს და აბსოლუტურად ფრთხილად და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უდგება ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.

[მათი თავდაცვისთვის] პირველი მცდელობა იყო ბანკი, ახლა არის ანაკლია. ანაკლიასაც სახელმწიფო აბსოლუტური პასუხისმგებლობით მიუდგება. რამეთუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ერთხელ უკვე ვთქვი, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის და რაც ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოების განზომილებისთვის და აქ ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობაა, რომ თვითონ ამ პროექტს, იდეას ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ მიადგენს რეპუტაციული ზიანი,”- ამბობს გახარია.

მუქარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გახარიამ საკუთარი მუნდირის ღირსება სასამართლოში უნდა დაიცვას გახარია ასე პასუხობს:

“უკვე აღარ ვადევნებ ამას თვალყურს, არ მაინტერესებს ეს გახდა რაღაც ეპისტოლარული ჟანრის თხრობა, რომელშიც დროის კარგვის არანაირი სურვილი არ მაქვს.

ჯობია, რომ [მამუკა ხაზარაძემ] უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს. მეორე, მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური სურვილი, მე რაღაც პერიოდი დაველოდები კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდგომ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებსა და უფლებებს აღვასრულებ სრულად. ეს არის ჩემი პასუხი,”- ამბობს გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები