"ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის "მუქარის წერილთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
"ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს", - განაცხადა გახარიამ.
თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიტანელი ადვოკატის სტივენ ქეის განაცხადებით, ე.წ გახარიას წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. ეს წერილი მას გადაეცა და შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“, - განაცხადა სტივენ ქეიმ.
მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა; კერძოდ, საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

























