მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარიას აზრით, TBC-ზე კიბერშეტევის მცდელობის გამოძიებისთვის კიდევ 3-4 თვე იქნება საჭირო

5c952d06c1d4a
თელარა გელანტია
22.03.19 22:42
714
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, რუსთაველის #12-ში მდებარე კომპანიიდან სამართალდამცველებმა 14-15 კომპიუტერი ამოიღეს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“ „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ კიბერთავდასხმის მცდელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-მ დაკითხა TBC ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც კიბერთავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით უწყებას მიმართეს.

„ბანკის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო შესაძლო მცდელობა შემოღწევის ამ კომპიუტერებში აი, ამ აიპი მისამართებიდან. შესაბამისად ვნახეთ, გავაგრძელეთ მუშაობა. ამ ლოკაციიდან სხვადასხვა აიპი მისამართის მქონე, თუ არ ვცდები, 14-15 კომპიუტერია ამოღებული“, - განაცხადა მინისტრმა.

გადაცემის წამყვანებმა გიორგი გახარიას ამ თემაზე რამდენიმე ბლიც-კითხვა დაუსვეს:

- არავინ დაგიკავებიათ, არავისთვის ბრალი არ წაგიყენებიათ?

- ამ კომპიუტერების ექსპერტიზა როგორც კი დასრულდება და ეს არის რთული პროცესი, ჩვენ ვიქნებით მზად, რომ შემდგომი უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამ საქმის დასასრულებლად;

- შეიძლება ხმაურიანი ფიგურანტები დაიჭიროთ?

- რა შეკითხვებია, ვინც იქნება ხმაურიანი თუ უხმაურო, ვისაც კანონის წინაშე დარღვევა აქვს, ყველა აგებს პასუხს.

- რა დროში ვარაუდობთ რომ ამას შეძლებთ?

- მე ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება კიდევ სამი-ოთხი თვე.

როგორც გახარიამ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ დამნაშავეს დააკავებენ, ვინც არ უნდა იყოს“.

ამასთან, როგორც გახარიამ განაცხადა, რუსთაველის #12-ში რეგისტრირებული კომპანიის შესახებ მათ ინფორმაცია იმაზე ადრე ჰქონდათ, ვიდრე TBC ბანკის თანამშრომლები შს სამინისტროს განცხადებით მიმართავდნენ.

„ეს იყო შეღწევის მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია ეს მცდელობა მოხდა 2018 წლის 16 ივლისს და 17 ივლისს ჩვენ მივიღეთ წერილი;

რა ხდებოდა ამის წინ? - მანამდე ჩვენ სხვა მოქალაქის განცხადება გვქონდა, მისი ელექტრონული სივრცის გატეხვის თაობაზე და იქ გარკვეული მანიპულაციების მოხდენაზე. ეს იყო დაახლოებით, აპრილი და ჩვენ ამ თემაზე გამოძიება უკვე დაწყებული გვქონდა. რუსთაველის #12-ში კონკრეტული კომპანია უკვე იდენტიფიცირებული გვქონდა და ამ კომპანიის კონკრეტულ კომპიუტერებზე ვმუშაობდით, რა დროსაც „თიბისი“-დან ეს წერილი შემოვიდა.

კიბერდანაშაულის ნაწილში ქვეყანას, სამწუხაროდ, ძლიერი პოზიციები არ აქვს. ათი დღის გასვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში, როგორც კი მოხდა იდენტიფიცირება, მოხდა სრულად ლიკვიდირება. ეს მარტივი პროცესი არ არის, ამას სასამართლოს განჩინება სჭირდება, ამ განჩინებას შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული პროცედურები სჭირდება. არ არის მარტივი სხვის საკუთრებაში შეხვიდე და უთხრა - აბა, მანახე შენი კომპიუტერი. ეს ასე არ ხდება და ამას თავისი განჩინება სჭირდება.

შენ თუ შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები არ გაქვს მოსამართლე არ მოგცემს შესვლის უფლებას. ჩვენ რომ ასე ბანკში შესვლა შეგვეძლოს, მოგვეჩვენა რაღაც უნდა შევიდეთ?

ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ესე არ ხდება, რომ შევიდეთ და ვიღაცის კომპიუტერები წამოვიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეს დავაკავებთ, ვინც არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები