საერთაშორისო მნიშვნელობის გზებით სარგებლობა საქართველოში, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და საკითხი 2021 წლამდე გადაწყდება.
,,ფასიან გზებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ჩატარებულია ორი კვლევა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც სხვადასხვა უწყებებს შორის, ასევე დონორ ორგანიზაციებთან, რათა ჩამოვაყალიბოთ ფასიან გზებთან დაკავშირებით კონცეპტუალური მიდგომა.
არსებობს უცხოეთის წარმატებულ ქვეყნებში გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც მსგავსი ტიპის მოსაკრებლებით ხდება გზების მოვლა-შენახვა. თუმცა, განსხვავებულია შეფასებები და ამ საკითხს სჭირდება დამატებითი მსჯელობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, უახლოეს სამ წელში ეს საკითხი გადაწყდება. შესაძლოა ამ სისტემაზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად, როგორც წარმატებულ განვითარებულ ქვეყნებში ხდება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.