თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია, ჭავჭავაძის გამზირის რომელ ქუჩაზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი.
ასე უპასუხა კალაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ჭავჭავაძეზე მოძრაობის გაცალმხრივებას შეეხებოდა.
„მთლიანი რეაბილიტაცია იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც არ გამოცვლილა 50 წელია. იცვლება საფეხმავლო გზები, გარე განათება, იცვლება მოძრაობის წესები, საავტობუსო ხაზები გაჩნდება. გადაკეტვას რაც შეეხება, ზუსტად არ ვიცი, რა ქუჩა იქნება ორმხრივი და რა - ცალმხრივი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის: ჭავჭავაძის გამზირის გამზირის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით) იმ მსხვილ 23 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორისაა, რომელთა ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების პრეზენტაცია კახა კალაძემ 29 იანვარს გამართა.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ითვალისწინებს დაძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარეგანათებების მოწესრიგებას; უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები და სპეციალური საავტობუსო ზოლები.
პროექტის ბიუჯეტი 13 000 000 ლარია. მისი განხორციელება წელსვე უნდა დაიწყოს.

























