„აფხაზებთან შერიგება არა ჟენევაში, ან სადმე უცხო ტერიტორიაზე, არამედ ქართულ მიწაზე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ჟურნალ ანაკლიასთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანების შეხვედრით და იმაზე საუბრით, რომ 25 წელი გავიდა .
„ბოდიში უნდა მოვიხადოთ ღმერთის და ერთმანეთის წინაშე იმისათვის, რაც, სამწუხაროდ, დაგვემართა. აქ მოგებული და წაგებული არ არსებობს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძმები გაყოფილან, მაგრამ ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და ნებისმიერი მოლაპარაკება ჩემთვის არ იქნება შედეგიანი, თუ ის ჯგუფებს შორის სახალხო შერიგებას არ მოიტანს.
შეიძლება, ვიღაცა ამბობს, პორტი ამასთან რა შუაშიაო. აფხაზეთთან უნდა ვიყოთ. მე ვთქვი, რომ იქ ახალგაზრდები უნდა წავიდნენ... „გახსოვდეს აფხაზეთი“ თბილისიდან არ ჩანს. აქედან ვერ დავიმახსოვრებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, ეგრეთ წოდებულ საზღვართან და არა იმიტომ, რომ აფხაზეთს კუნთები დავანახოთ, არამედ იმიტომ, რომ ვუთხრათ: ჩვენ აქ ვართ, ვაშენებთ, გვინდა, შენთან ერთად ავაშენოთ, შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზეც ავაშენოთ, ჩვენ მზად ვარ შენთან დღეს კულტურული, სახალხო დიპლომატიისთვის, მზად ვართ, ბიზნესი ვაკეთოთ ერთად, იმიტომ, რომ აქ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. მთავარია, ჩვენ შორის „საზღვარი“ გონებაში წავშალოთ. თორემ, დღეს ფიზიკური საზღვარი მსოფლიოში აღარ არსებობს. ინტერნეტით შეგიძლია ყველას მისწვდე და ჰოლანდიელს „სკაიპით“ რომ ესაუბრები, ამისთვის პასპორტი არ გჭირდება. 21-ე საუკუნეა და სირცხვილია, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან“, - ამბობს ხაზარაძე.