„ჯანსაღი სასმელების კომპანიის“ დირექტორის, გიორგი ჯირკვალიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში კომპანიის გაყიდვებმა ადგილობრივ ბაზარზე 10%-იან ზრდას გადააჭარბა, თუმცა შედეგმა ბიზნესის მოლოდინებს სრულად ვერ უპასუხა.
BM.GE-სთან საუბრისას ჯირკვალიძე აღნიშნავს, რომ კომპანია უფრო მაღალ მაჩვენებლებს ელოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თბილისისა და მისი შემოგარენის გარდა დასავლეთ საქართველოს ბაზარიც თითქმის სრულად აითვისა.
„თბილისისა და შემოგარენის გარდა, თითქმის სრულად ავითვისეთ დასავლეთის მიმართულებაც, რაშიც ჩვენი პარტნიორი სადილერო კომპანია გვეხმარება და მოლოდინიც შესაბამისად მეტის გვაქვს მიმდინარე პერიოდში“, - აცხადებს ჯირკვალიძე.
მისივე შეფასებით, წლის პირველი ექვსი თვე საერთო ჯამში წარმატებული იყო. მიუხედავად შედარებით გრილი სეზონისა, გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე სტაბილურად გაიზარდა.
"საერთო ჯამში, წლის პირველი ნაწილი საკმაოდ ნორმალური იყო კომპანიისთვის. მიუხედავად გრილი სეზონისა, გაყიდვები საკმაოდ კარგია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. რაც შეეხება ტენდენციებს, მსოფლიოში დღეს ყველაზე მზარდი მიმართულება ფუნქციური ჯანსაღი სასმელებია, ანუ სასმელი, რომელსაც ბუნებრივ სარგებელთან ერთად დამატებითი სარგებელიც აქვს", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ჯირკვალიძის განმარტებით, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება კომპანიის მიერ შექმნილი D ვიტამინით გამდიდრებული წყალი, რომელიც მომხმარებელს ჰიდრატაციასთან ერთად ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინსაც აწვდის. მისი თქმით, პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ იშვიათია და მის მიმართ ინტერესი საქართველოშიც ეტაპობრივად იზრდება.
"ნამდვილად შემოვიტანეთ ბაზარზე ეს ინოვაცია, რომელიც თითებზე ჩამოსათვლელია მსოფლიო ბაზარზე. პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რადგან მსოფლიო რუკაზე ყველგან D ვიტამინის დიდი დეფიციტია. ჯერჯერობით ჩვენს ბაზარზე ინფორმაციის და შესაბამისად პოპულარობის ნაკლებობაა, თუმცა ბევრს ვმუშაობთ ამ საკითხზე", - აღნიშნავს ჯირკვალიძე.
კომპანიის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად კვლავ კომბუჩა რჩება. როგორც თანადამფუძნებელი ამბობს, სწორედ ამ პროდუქტმა განაპირობა ბრენდის ცნობადობის ზრდა.
"გაყიდვებში ე.წ. ლოკომოტივი ჯერჯერობით არის კომბუჩა, რადგან ცნობადობის კუთხით კომპანიამ ძალიან ბევრი იმუშავა და შედეგიც სწორედ ამ პროდუქტზე აისახება. რაც შეეხება ფუნქციურ წყალს D ვიტამინით, იგი იმავე გზას გადის, რასაც ჩვენი პირველი პროდუქტი და დარწმუნებული ვართ, 2026 წლის სეზონი კარგ შედეგებს გვაჩვენებს", - აცხადებს ის.
„ჰენკა“ აქტიურად ვითარდება საერთაშორისო ბაზრებზეც. კომპანიის ინფორმაციით, ისრაელში ექსპორტი უკვე რეგულარულ რეჟიმში ხორციელდება, ხოლო აშშ-ში პირველი მიწოდების შემდეგ განმეორებითი შეკვეთაც შესრულდა.
"გასული წლის ბოლოს განხორციელდა პირველი მიწოდება ისრაელის ბაზარზე და ერთი თვის წინ მივაწოდეთ მეორე შეკვეთაც, ასე რომ, აქტიურად ამუშავდა. ასევე გასულ წელს დავიწყეთ ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე და აქაც უკვე განმეორებითი შეკვეთა გაიგზავნა მიმდინარე წლის აპრილში", - ამბობს ჯირკვალიძე.
მისივე თქმით, კომპანიის D ვიტამინით გამდიდრებული წყლის მიმართ ინტერესი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც ფიქსირდება, თუმცა საექსპორტო პროცესს გარკვეული ტექნიკური და ლოგისტიკური გამოწვევები ახლავს.
"დაინტერესება საკმაოდ დიდია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ლოგისტიკა და შუშის ტარა ცოტა გვირთულებს ექსპორტისთვის ხელსაყრელი წინადადების მომზადებას და ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს ის.
კომპანიაში ამბობენ, რომ ექსპორტის წილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა უახლოესი ორი წლის განმავლობაში მისი მნიშვნელოვნად გაზრდა სურთ.
"ამ ეტაპზე ეს წილი არ არის დიდი, თუმცა დასაწყისია და ლოგიკურიცაა. რაც შეეხება მიზნებს, ორი წლის ჭრილში გვინდა, რომ ადგილობრივ და საექსპორტო გაყიდვებს შორის თანაფარდობა 50/50-ზე გავიდეს და ეს ყველაფერი რეალურად მიღწევადია", - აღნიშნავს ჯირკვალიძე.
ამასთან, „ჰენკა“ ახალ პროდუქტებზეც მუშაობს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, უახლოეს კვირებში ბაზარზე კომბუჩას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გემოს დიაბეტური ვერსია გამოჩნდება, რომელიც ბუნებრივი დამატკბობლებით იქნება დამზადებული.
გაზრდილი მოთხოვნისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების ფონზე, კომპანია საწარმოო სიმძლავრეების ზრდასაც გეგმავს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ორი დიდი ბაზარი ავითვისეთ საექსპორტოდ და ადგილობრივ ბაზარზეც ახალი შესაძლებლობები ჩნდება, სიმძლავრეების გაზრდა აუცილებელი პირობა იქნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, უკვე აქტიურად ვმუშაობთ მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის პოტენციურ მომწოდებლებთან", - აცხადებს ჯირკვალიძე.
მიუხედავად ხარჯების ზრდისა, კომპანიას მიმდინარე წელს პროდუქციის ფასები არ შეუცვლია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, ბიზნესი ცდილობს ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე შეინარჩუნოს არსებული ფასები და მომხმარებელს დამატებითი ფინანსური ტვირთი არ დააწვეს.




























