მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები დაეცა, ხოლო ნედლეულის ფასმა მოიმატა - ტანისამოსის ბრენდი “LAKO BUKIA”

6321fb2237e3b
მარიამ იზორია
22.09.22 08:57
589
ტექსტილის ინდუსტრიაში წარმოებისთვის საჭირო ნედლეულზე ფასები გაორმაგდა. გარდა ამისა, პრობლემაა გართულებული ლოგისტიკაც, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე აისახება.

როგორც ტანისამოსის ქართული ბრენდის “LAKO BUKIA”-ს დამფუძნებელი Bm.ge-სთან აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ტექსტილის წარმოება არ არსებობს, ამასთან ყველა საჭირო ნედლეული იმპორტირებულია, ყველაზე დიდ პრობლემას პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო ლოგისტიკა ქმნის.

ლაკო ბუკიას განმარტებით, გარდა გადაზიდვის მაღალი ტარიფისა, გამოწვევაა ისიც, რომ მაგალითად, რუსეთთან არც ერთი ლოგისტიკური კომპანია აღარ თანამშრომლობს, შესაბამისად, ნივთის მიწოდება ვერ ხერხდება.

„საქართველოში ტექსტილისა და სხვა საჭირო ნედლეულის წარმოება არ გვაქვს. შესაბამისად, ლოგისტიკის მაღალი ფასი პრობლემაა. ეს პანდემიამდე და ომამდეც ასე იყო, თუმცა ომის გავლენაა ის, რომ რუსეთთან ლოგისტიკური კომპანიები აღარ თანამშრომლობენ და ნივთის მიწოდება ვერ ხერხდება. ამიტომ ყველა შეკვეთა უქმდება.

რაც შეეხება ნედლეულის ფასს, თურქეთში ფასები არ გაზრდილა, თუმცა ევროპაში წინა პერიოდთან შედარებით, ღირებულება გაორმაგებულია. თუ აქამდე 1 მეტრი ქსოვილის ფასი 20 ევროდან იწყებოდა, ახლა მინიმუმ 30 ევრო ჯდება.

ამის მიუხედავად, პროდუქციაზე ფასები არ გაგვიზრდია. საქართველოში დიზაინერები არ ვართ იმ მასშტაბზე, რომ ქართველმა მომხმარებელმა ნივთი დიდი ფასნამატით შეიძინოს. მოგების შემცირების ხარჯზე ფასები ვერ გავზარდეთ“, - აცხადებს ლაკო ბუკია.

ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ „LAKO BUKIA”-ს გაყიდვებიც დაეცა.

„მაგალითად საერთაშორისო პლატფორმა farfetch-ზე გაყიდვები ორმაგად დაეცა, რადგან, არა მარტო ჩვენი ბრენდის გაყიდვებში არამედ მსოფლიო ბაზარზე, რუსეთს დიდი წილი უჭირავს. ამ ეტაპისთვის ჩვენს მთლიან გაყიდვებში 20% ევროპას, დანარჩენი კი აზიას უჭირავს“ - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები