საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის შეფასებით, ბოლო 3-4 თვეა, ქსელში პროდუქციის გაყიდვები შეუმცირდათ, მაგრამ იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ჯამურად, მიმდინარე წლის ცხრა თვეში გაყიდვების კუთხით თითქმის იგივე შედეგი აქვთ, რაც - შარშან.
„2021, 2022 და 2023 წელი კარგი იყო, მაგრამ 2024 წლისთვის გაყიდვებში რა გეგმებიც გვქონდა, შორს ვართ, რადგან ბოლო 3-4 თვე ცოტა ჩავარდნა გვქონდა - გაყიდვები შემცირებული იყო. ეს ალბათ არჩევნების პერიოდთან არის დაკავშირებული და ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ამ ჩავარდნას ავანაზღაურებთ. ბოლო სამ თვეზე დიდი გეგმები გვაქვს - „შავი პარასკევი“ მოდის, შემდეგ ახალი წლის ფასდაკლებები დაიწყება. ამდენად, ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით, 2024 წელს 15%-იანი ზრდით დავამთავრებთ“, - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.
რაც შეეხება ფასებს, „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი ამბობს, თუ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის კურსი 2.75 - 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება, პროდუქციის გასაყიდი ფასები არ შეიცვლება.
მეჰმეთ მელექის ინფორმაციით, „BEKO საქართველოს“ მომხმარებლის 97%-მდე ადგილობრივი მოქალაქეა და ე.წ. მიგრანტების ეფექტი, რომელიც 2021-2022 წლებში შედარებით მაღალი იყო, წელს არ შეიმჩნევა.
ინფორმაციისთვის: კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი და დაახლოებით, 800 დასაქმებულია.