ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს, რომ ევროკომისიამ უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციური პარტიის ლიდერს პეტერ მადიარს 35 მლრდ ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა.
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ბრიუსელთან არსებული მთელი რიგი დავებისა და ვიქტორ ორბანის მიერ რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გამო, უნგრეთისთვის განკუთვნილი, დაახლოებით 35 მლრდ ევროს მოცულობის დაფინანსება ამ დრომდე გაყინული იყო.
როგორც FT წერს, ეს თანხა მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მობილიზებულ თითქმის 18 მილიარდ ევროს, რომლის გაცემაც შეჩერებული იყო კანონის უზენაესობის დარღვევის, კორუფციის გაზრდილი რისკებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვის გამო. გარდა ამისა, შეფერხებული იყო 17 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის შეღავათიანი თავდაცვის სესხების გამოყოფაც.
ამ თანხის მისაღებად უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტიკორუფციული ზომების გატარებაა, ასევე ორბანის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლებიც ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება: დაწყებული თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოპყრობიდან, აკადემიური თავისუფლებით დამთავრებული.
გამოცემა ასევე წერს, რომ ევროკომისიის ოფიციალური პირები მადიართან და მის გუნდთან სწრაფ მოლაპარაკებებს ელიან, რათა გამოსავალი მოიძებნოს იმ ჩიხური ვითარებიდან, რომელიც უნგრეთის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ გამოიწვია. საუბარია იმაზე, რომ სასამართლომ ბუდაპეშტის კანონმდებლობა თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ევროკავშირის წესების დარღვევად მიიჩნია. აღნიშნული დავა კი უნგრეთს ყოველდღიურად 1 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმად უჯდება. ამ თანხას ბრიუსელი უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ბიუჯეტის წილიდან აკავებს.
ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხარეს ბევრი ბერკეტია და ახლა უნგრეთის ახალმა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
12 აპრილს გამართულ არჩევნებში უნგრეთში ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს ვიქტორ ორბანის „ფიდესი" დაამარცხა. ამით უნგრეთში ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა. ორბანს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, მხარს უჭერდა როგორც ვლადიმერ პუტინი, ასევე დონალდ ტრამპი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტშიც ჩავიდა.
„მინდოდა ეს ყველასთვის სიგნალი ყოფილიყო განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრელ ხალხს იცავდა“, - განაცხადა ბუდაპეშტში მყოფმა ვენსმა.




























