მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზაფხულიდან დავიწყებთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს - ინფრასტრუქტურის მინისტრი

სოხაძე

"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის თქმით, აბასთუმანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები განიხილეს და მომავალში განსახორციელებელი პროექტებისთვის პრიორიტეტები დასახეს.

„გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა აბასთუმანში, სადაც განვიხილეთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები, ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, დავსახეთ პრიორიტეტები. ზამთრის პერიოდში აქტიურად ვიმუშავებთ, რომ გაზაფხულიდან დავიწყოთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი,“ – განაცხადა სოხაძემ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხაძე სამუშაო გასვლის ფარგლებში ადგილზე გაეცნო როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე დაბის შემდგომი განვითარების საჭიროებებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპლექსური საპროექტო ხედვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეკრეაციულ-დენდროლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აბასთუმანში ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა კურორტის სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო გახდა ახალი ეტაპის დაწყება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპლექსური საპროექტო ხედვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეკრეაციულ-დენდროლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ცნობისთვის: 2018 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კურორტ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად ქცევის პროექტი დააანონსა, სადაც მოსახლეობას ელექტრომობილებს დაურიგებდნენ და ქალაქში სპეციალურად ელექტრომობილებისთვის ავტოსადგომი მოეწყობოდა. ამის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა შეიმუშავა და დაბაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყო. 2021 წელს, მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის აბასთუმანში ვიზიტისას სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით კურორტზე 442 მილიონი ლარის სასტუმროები შენდება. მათ შორისაა „რედიქსის“ და ტურიზმის განვითარების ფონდის სასტუმროები. კერძო საინვესტიციო პროექტების შესახებ სხვადასხვა ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებსაც არაერთხელ უსაუბრიათ BM.GE-სთან. პანდემიური პერიოდის შემდეგ სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორიც აბასთუმანში ინფრასტრუქტურული თუ კერძო საინვესტიციო პროექტების დასრულების გადავადების შესახებ აცხადებდნენ. თუმცა თუ სასტუმრო პროექტების ხელმძღვანელები თავდაპირველად გახსნის ვადად 2023 წელს ასახელებდნენ, ეს თარიღი შემდგომში კიდევ რამდენჯერმე დაკორექტირდა, კონკრეტულად კი თავდაპირველად 2024 წლის ზაფხულამდე, შემდეგ 2025 წლის ზაფხულამდე, ახლა კი ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, კურორტი მომდევნო წელს უნდა გაიხსნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები