ნახევარ წელზე მეტია ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. ამ მარშრუტით ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები საქართველოს გავლით უმოკლესი გზით ევროპას უკავშირდება. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საგზაო მარშრუტს ემსახურება. პირველი რეისი E60 Shipping Line-ის მიერ ITMC-სთან პარტნიორობით გასულ წელს განხორციელდა.
საკითხზე, BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ITMC-ის დირექტორმა ნათია გოზალიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროექტმა გაამართლა და ამ ეტაპზე საბორნე მიმოსვლა, როგორც ფოთიდან ისე კონსტანციდან 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს. „მოთხოვნიდან გამომდინარე, დღის წესრიგში კიდევ ერთი გემის დაყენების საკითხი დგას“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანის საკითხს, როგორც ნათია გოზალიშვილმა განმარტა, შესაძლოა გაზაფხულისთვის დაიწყონ.
„მგზავრების გადაყვანა შეგვიძლია, თუმცა სწორედ ეს რჩება კონსტანცაში ერთ-ერთ გამოწვევად, რადგან იქ მოსაწყობია სპეციალური ზონა, ე.წ პასპორტკონტროლის ზონა, რომ შესაბამისი პროცედურების სათანადოდ გავლა მოხდეს. ვფიქრობთ, გაზაფხულისთვის უკვე შეგვეძლება, მგზავრების გადაყვანაც დავიწყოთ. სეზონიც ისეთი ემთხვევა, რომ მოთხოვნაც უფრო მეტად იზრდება და ამ მოთხოვნას მომზადებულები შევხვდებით“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, მისი თქმით, სამგზავრო გადაყვანის ღირებულება დაახლოებით 200 -დან 400 ევრომდეა, თუმცა მისი გადახედვა შესაძლებელი იქნება:“საფასო პოლიტიკის გადახედვა მოთხოვნიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი. ჩვენ მომხმარებლების მოთხოვნებს ვერგებით და ეს პოლიტიკაც გადაიხედება, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ“, - განაცხადა მან.