ახალგაზრდა მეწარმემ ირაკლი მოგელაძემ დანიური გრანტით ბიზნესი წამოიწყო და თელავში, სოფელ ართანაში მარანი ააშენა, სადაც ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს ჩამოასხამენ.
ირაკლი მოგელაძეს საქმის წარმოებაში ოჯახი ეხმარება.
როგორც მან Bm.ge-ის განუცხადა, ღვინო დახლებზე გაზაფხულიდან გამოჩნდება და ,,მზეი“-ს ბრენდით გაიყიდება; იდეა ქართული ფილმიდან ,,ღიმილის ბიჭები“ დაებადათ, სადაც ქართულ ღვინოს საქებარი სიტყვებით - ,,ღვინო კი არა მზეია, მზეი“, მოიხსენიებენ.
როგორც ახალგაზრდა მეწარმე ამბობს, მარნის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
ამჟამად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები, რომელსაც საახალწლოდ დაამთავრებენ. მარანში 32 ქვევრია ჩაყრილი, რომელთა ტევადობაც ჯამში, 13,5 ტონაა, მათ ნაწილში წლევანდელი მოსავალია ჩაწურული, საიდანაც 6 ტონა ღვინოს მიიღებენ.
2018 წლის მოსავალს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩამოასხამენ, სულ 8-9 ათას ბოთლს;
მარანში ჩადებული ინვესტიცია უკვე 200 ათას ლარს აჭარბებს, საიდანაც 60 ათასი ლარი ევროპული გრანტია, რომელიც ირაკლი მოგელაძემ პროგრამის ,,ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მოიპოვა.
პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს რეგიონებში ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება.
მას ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით ახორციელებს.
„ჩვენ საკუთარი ვენახი გვაქვს, რომელიც 5,5 ჰექტარზეა გაშენებული, 2013 წელს მიწა შევიძინეთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ვენახს ბიოლოგიური წესით ვუვლით. ამჟამად, იქ სამი ჯიშის ვაზი გვაქვს გაშენებული: საფერავი, რქაწითელი და ხიხვი, კიდევ ორი ჯიშს დავამატებთ - მწვანეს და ქისს. შესაბამისად, რამდენიმე სახის ღვინოს დავამზადებთ, მათ შორის - ,,როზეს“. ღვინის ნაწილს დავაძველებთ, რადგან ჩვენს ვენახში მოწეული ყურძენი მაღალალკოჰოლური ღვინის დამზადების საშუალებას გვაძლევს, რაც ღვინის შენახვა-დაძველებისთვის საუკეთესო პირობაა. ამის შესახებ სომელიიებმა გვითხრეს, რომლებმაც ჩვენი ღვინოების დეგუსტაცია ჩაატარეს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პროდუქციის ნაწილს მინიმუმ სამი წლით დავაძველებთ“, - განაცხადა ირაკლი მოგელაძემ.
ახალგაზრდა მეწარმეს სარეალიზაციო ბაზრებიც მოძიებული აქვს.
ღვინოს თბილისის ექვს სასტუმროში გაყიდიან, ასევე ადგილობრივად მარანში, სადაც ტურისტების მისაღებ ინფრასტრუქტურასაც მოაწყობენ. იგეგმება ღვინის ექსპორტიც, ამ მიზნით, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
ღვინო ,,მზეი“ აშშ-სა და უკრაინაში გაიყიდება; ასევე იგეგმება მისი გატანა ევროპაშიც.

























