მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazelle Finance-მა სანიორეს მეღვინეობაში $2.2 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

5f033502deced
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.20 21:40
1921
ფონდი Gazelle-ი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ზრდის პოტენციალით.

ბიზნეს ლიდერების ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ინფორმაციით, ფონდმა ახლახან 2.2 დოლარის ინვესტიცია განახორციელა სანიორეს მეღვინეობაში - ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, რომელიც ვენახების და მიწის ნაკვეთების სიდიდის მხრივ ერთ-ერთი უმსხვილესია კახეთის რეგიონში.

კომპანიის ვენახები მდებარეობს კახეთის რეგიონში, ნაფარეულის სახელგანთქმულ ზონაში, მდინარეების ალაზნის, ლოპოტასა და სტორის მახლობლად. აღნიშნული ტერიტორია ხასიათდება სპეციფიკური მიკროკლიმატით და ფართოდ ცნობილია ყურძნის ადგილობრივი ჯიშებით, განსაკუთრებით კი, საფერავითა და რქაწითელით. სანიორეს მეღვინეობა ღვინის ექსპორტს ახორციელებს ბრენდი „სანავარდო“-ს სახელით.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, გლობალური კრიზისის მიუხედავად, Gazelle Finance-ი აგრძელებს ინვესტირებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებში, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს განვითარებისთვის და ხელს უწყობს სავალუტო სტაბილურობის მიღწევას. აღნიშნული ინვესტიცია წვლილს შეიტანს სასოფლო-სამეურნეო და საექსპორტო სექტორის, კერძოდ კი, მეღვინეობის დარგის გაძლიერებაში. ის ასევე ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას, რადგან შექმნის დამატებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ღვინის წარმოების სექტორში.

„სანიორეს მეღვინეობას მნიშვნელოვანი მოცულობით აქვს აუთვისელები ვენახები და წარმოების შესაძლებლობები. მიგვაჩნია, რომ Gazelle Finance-თან პარტნიორობა საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს საქართველოდან ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი. ასევე მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოში თაობრივ ცვლილებას, რის შედეგადაც გიორგისა და ნოდარის მსგავსი ახალგაზრდა მეწარმეები გამორჩეული დინამიურობითა და ახლებური ხედვებით ჩაერთვებიან საოჯახო ბიზნესში“, - განაცხადა Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა.

საქართველოში ღვინის წარმოება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის ქმნის მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტს და ხელს უწყობს მყარი ვალუტის შემოდინებას. გარდა იმისა, რომ ბოლოს 10 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი საშუალოდ 20%-იანი ზრდით გამოირჩეოდა, მეღვინეობის ტრადიციები და კულტურა მიმზიდველია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, რომელიც ცნობილია ყურძნის ენდემური ჯიშებითა და მსოფლიო კლასის ღვინის შატოებით.

„მეღვინეობა სანიორეს საკუთრებაშია ვრცელ ფართობზე გაშენებული ვენახები, რომლებიც ნაფარეულის მიკროზონაში მდებარეობს. ზოგი მათგანი ასობით წლით თარიღდება. გაზელ ფაინანსთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს სწრაფად გავზარდოთ წარმოების მასშტაბი და შევქმნათ მსოფლიო კლასის საექსპორტო პლატფორმა ჩვენი ბრენდისთვის“, - ამბობს მეღვინეობის აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ჯინჭველაძე.

ცნობისთვის, Gazelle Finance-ი (www.gazellefinance.com) არის საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს კაპიტალის დაბანდებას მცირე და საშუალო საწარმოებში. დაფინანსების ბაზრებზე არსებულ ბარიერებს და სიცარიელეს კომპანია პასუხობს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელსაც სთავაზობს საგულდაგულოდ შერჩეულ პასუხისმგებლიან მეწარმეებს. ადგილობრივი ბიზნესების ზრდაზე ფოკუსირებით, Gazelle Finance-ი ხელს უწყობს შიდა ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებას.

რაც შეეხება სანიორე მეღვინეობას, ის 2020 წელს დაარსდა (https://sanavardoestate.ge/). ამ ეტაპზე კომპანიის მიერ გაშენებული ვენახების საერთო ფართობი შეადგენს 65 ჰექტარს, რომელთა შორის შემდეგი ჯიშების ვაზია: საფერავი, რქაწითელი, შირაზი და კაბერნე. სანიორეს მეღვინეობა ღვინის წარმოებას მინანქრის/ფოლადის ჭურჭელში ახდენს. ვენახები ნაფარეულის მიკროზონაში მდებარეობს. კომპანია ღვინის რეალიზაციას ახორციელებს ბრენდით „სანავარდო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები