რაჭის გარკვეულ სოფლებში, უკვე წლებია გაზის მილები გაყვანილია, თუმცა სოფლების უმეტესობაში ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. როგორც ამბროულაურის მერი ზვიად მხეიძე BMG-სთან საუბრისას განმარტავს, გაზის მილებით დაქსელვა 11 სოფელში უკვე განხორციელდა, მათ შორის არის სოფელი წესი, ჭრებალო, ქვიშარი და სხვა.
მხეიძის თქმით, გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება არ არის და მას ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს, თუმცა მისი ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოხდება.
“შარშან დაქსელვა მოხდა 11 სოფელში დაწყებული წესიდან ჭრებალოს და ქვიშარის ჩათვლით. წელს მიმდინარეობს უკვე გამრიცხველიანება. ეს მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება არ არის, მაგრამ ჩვენ რა დონეზეც ვფლობთ ინფორმაციას მომავალი სამი წლის განმავლობაში გვპირდებიან, რომ მთელი მუნიციპალიტეტი უნდა იყოს გაზიფიცირებული. პირველ რიგში ალბათ საიდანაც შემოდის მთავარი მაგისტრალი ნიკორწმინდის მიმდებარე ტერიტორიაა და შემდეგ მიმდებარე სოფლები. გვპირდებიან რომ ზუსტ გრაფიკსაც მოგვაწოდებენ წლების მიხედვით და უფრო დაზუსტებით შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანი მუციპალიტეტის გაზიფიცირება მოხდება ახლო მომავალში”-ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.
შეგახსენებთ, რომ ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში გაზიფიცირების სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს დასრულდა, თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი კვლავ არ არის.