გაზის ჭკვიანი მრიცხველები აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაარეგულირებს, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ძველი მრიცხველები, რომლებიც საცხოვრებლის შიგნით არის განთავსებული, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველთვის სწორად და დროულად აღირიცხოს გაზის ჩვენება, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს.
„ყველაზე მეტი პრობლემა ხარისხის შემდეგ, მოდის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით და ბუნებრივი გაზის სექტორი ამ კუთხით ლიდერია. ჩვენი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ზოგიერთი გაზის მრიცხველი სახლის შიგნითაა დამონტაჟებული, სადაც კომპანიის წარმომადგენელს წვდომა არ აქვს. ეს დამატებით პრობლემებს ქმნის. მომხმარებლები მოგვმართავენ და ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხერხდება სწორი აღრიცხვა, დაზიანდა მრიცხველი, ან კომპანიის წარმომადგენელი მივიდა და არასწორად დააფიქსირა ჩვენება, ან რამდენიმე თვე არ მისულა, ან კიდევ მომხმარებელმა არ შეუშვა საცხოვრებელში და ექვსი თვის შემდეგ ერთად მიუვიდა ყველა გადასახადი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
მისივე თქმით, ჭკვიანი მრიცხველები ამ ყველა პრობლემას დაარეგულირებს, ამიტომაც ნელ-ნელა ამ მრიცხველებზე უნდა გადავიდეს ყველა.
„სისტემურად ყველა მრიცხველის გადასვლა ერთდროულად ნაადრევია, თუმცა ყველა იმ ახალი კორპუსის მშენებელს, რომელიც ექსპლუატაციაში შევა, ვალდებულება იქნება, მოაწყოს ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები. ეს არის მრიცხველი, რომელსაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც ძველ მრიცხველებს - აღრიცხოს ბუნებრივი გაზის დანადგარი, თუმცა არის აღჭურვილი დამატებითი მოწყობილობით. მოდემის საშუალებით იგი ყოველ 24 საათში გადასცემს ჩვენებას, სიზუსტის საშუალებას იძლევა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას აგვარებს“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ყველა თვითმმართველ ქალაქში 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა. ცვლილებები ყველა ახალ აშენებულ შენობას შეეხება. მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი მსურველმა წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში. რაც შეეხება საფასურს, დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევაში ჭკვიანი მრიცხველის ღირებულება სიმძლავრის გათვალისწინებით განსხვავებულია და 450 ლარიდან 9200 ლარამდე მერყეობს, საშუალო წნევით სიმძლავრის მიწოდების საფასური კი 14 ათასი ლარიდან 25 ათას ლარამდეა.