ენერგეტიკოს გია არაბიძის მოსაზრებით, ბუნებრივი აირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაზის კომპანიების უფლებამოსილების გაზრდა და მომხმარებლების მხრიდან ექსპლუატაციის წესების მკაცრი დაცვა აუცილებელია.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებაა, რათა კომპანიებს მეტი მანევრირების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა მხოლოდ გარე ჩარევით პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ თავად მოქალაქეებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ აიღეს.
„არსებული კანონმდებლობაში, მე მიმაჩნია, რომ ცვლილებებია შესატანი. გაზის კომპანიებს წითელი ზღვარი აქვთ, ანუ სადამდეც შეუძლიათ მოქმედება, ამ ზღვრის დონე უნდა გავუზარდოთ. კომპანიის წარმომადგენელი, შეიძლება მოვიდეს, დაგიკაკუნოთ და თქვენ კარი არ გაუღოთ, ან, სახლში არ დახვდეთ, ამის იქით მას ბერკეტი არ აქვს, ვერც პოლიციას გამოიძახებს და ვერც ვერაფრით გაიძულებთ, შემოწმება ჩაატაროს. ამ უფლებამოსილების გაზრდა, შეიძლება, პრობლემა იყოს ეკონომიკურად, მოითხოვოს დიდ ხარჯები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია“, - აცხადებს არაბიძე „საქმის კურსთან“ საუბარში.
ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოში ზედამხედველობის სამსახურის არ არსებობის პირობებში, პირველ რიგში, თავად მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით და საკუთარი ძალებით შეამოწმოს სისტემის გამართულობა. იგი ხაზს უსვამს, რომ ელემენტარული პრევენციული ქმედებები , მათ შორის გაზის მილების საპნის ქაფით შემოწმება, ოთახების ხშირი განიავება - შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს.
„თუ ჩვენ ექსპლუატაციის წესები არ დავიცავით, მაინც პრობლემა გვექნება და არ მოგვარდება. პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს და რაც გვევალება, გავაკეთოთ. აი მაგალითად, ყველაზე მარტივად, თეფშების სარეცხი საშუალებით ან საპნით, შეგვიძლია გაზის მოწყობილობები გავქაფოთ - ჩამრთველები, გადაბმის ადგილები, რეზინის მილები და ასე შემდეგ და თუ შენიშნავთ, სადმე ერთი ბუშტი მაინც ამოიბერა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან გაზის გაჟონვას ადგილი აქვს. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა გადაკეტოთ შემომყვანი ონკანი, გაზის მთავარი ონკანი და დარეკოთ 114-ზე [თბილისი ენერჯის ცხელი ხაზი]“ - განაცხადა გია არაბიძემ „საქმის კურსთან“ საუბარში.
ენერგეტიკოსი ასევე მიუთითებს, რომ გაზის გამათბობლებისა თუ წყალგამაცხელებლების მუშაობისას აუცილებელია, მინიმუმ, საათში ერთხელ ოთახის განიავება, ფარდებისა და სხვა აალებადი ნივთების გამათბობლებისგან მოშორება.
























