მიმდინარე წლის ბოლომდე სემეკი გაზის ყველა გამანაწილებელი კომპანიის ტარიფს გადაითვლის. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ BM.GE-ს განუცხადა, ახალი ტარიფი წელს გაზის 18-მდე მცირე კომპანიას დაუდგინდება.
„ჩვენ ველოდებით ამ სატარიფო განაცხადების შემოსვლას აგვისტოში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ამ პატარა კომპანიებისთვის ტარიფების გადათვლა. შესაბამისად, გაზის მთელი ეს სისტემა მოქცეული იქნება ერთ სატარიფო რეგულირებაში. 1 იანვრიდან მთლიანად გაზის სექტორში, როგორც მსხვილ, ისე წვრილ კომპანიებს, ახალი ტარიფები ექნებათ“, - განაცხადა შონიამ.
რაც შეეხება კომისიის გეგმებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ, ელექტროენერგეტიკის მსგავსად, გაზის სექტორშიც სამწლიანი პერიოდით დადგინდეს ტარიფები, გოჩა შონია ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა კომისიაში ისევ მიმდინარეობს.
„ეს არის ჩვენი შიდა ტექნიკა - როგორ ჯობია, კიდევ ერთწლიანი რეგულირება გავაკეთოთ და უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს ამ კომპანიებთან დაკავშირებით, თუ გადავიდეთ თავიდანვე წახალისებით რეგულირებაზე. ალბათ, გაზაფხულის ბოლოსთვის ჩამოვყალიბდებით, რომელი მიდგომა ავირჩიოთ“, - აღნიშნა გოჩა შონიამ.
შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს გაზის ტარიფები მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილი აქვთ.

























