მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის სექტორში მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გამიჯვნისთვის სემეკს 3-მა კომპანიამ მიმართა

64ae9b00a7363
ელენე გოგბერაშვილი
12.07.23 17:20
590
ელექტროენერგეტიკის შემდეგ მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები ბუნებრივი გაზის სექტორშიც გაიმიჯნება. როგორც სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი bm.ge-სთან განმარტავს, მაგალითად, თბილისში მომუშავე თბილისი ენერჯის მხოლოდ იმის უფლება ექნება, რომ ოპერირება გაუწიოს თავის ქსელს, ხოლო კომერციულ საქმიანობას, რაც ბუნებრივი გაზის ყიდვასა და შემდეგ მომხმარებელზე გადაყიდვას გულისხმობს, მისგან დამოუკიდებელი კომპანია განახორციელებს.

„გვაქვს გამოცდილება ელექტროენერგეტიკის სექტორში, ამიტომ ბუნებრივი გაზის სექტორში ეს უფრო მარტივად გაივლის, მითუმეტეს განსხვავებით ელექტროენერგეტიკის სექტორისგან, ჩვენ გაზში უკვე გვაქვს საქმიანობების გამიჯვნა, მიწოდების და განაწილების, ამიტომ ეს პროცესი უმტკივნეულო იქნება. ეს არ აისახება სატარიფო პოლიტიკაზე, არ გამოიწვევს ტარიფების გაძვირებას, ხოლო საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოიწვევს ფასების შემცირებას, რადგან გაჩნდება კონკურენცია მიწოდების მხარეს.

რა თქმა უნდა, ამას ხელი უნდა შეუწყოს როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში ბირჟების გახსნამ. ბირჟაზე ყველას უნდა ჰქონდეს სათანადო, არადისკრიმინაციული წვდომა და ეს იქნება წინაპირობა, რომ ბაზარზე იყოს სერიოზული კონკურენცია, რაც თავის თავში გულისხმობს ფასების ქვემოთ წამოსვლას“,-აცხადებს გიორგი ფანგანი.

რეგულაცია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან მომდინარეობს, მცირე ზომის კომპანიებს არ შეეხებათ, ვისაც 100 000-სზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. სემეკს გაყოფის შესახებ უკვე მიმართა განაცხადით, სამმა კომპანიამ. ესენია: თბილისი ენერჯი, სოკარი და საქორგაზი.

„სემეკს უკვე აქვს მათი განაცხადები გაყოფასთან დაკავშირებით შემოსული. ჩვენ შევისწავლეთ გვაქვს შენიშვნები, თუმცა კანონმდებლობა გვაძლევს დროს და ვფიქრობთ, 2024 წლის ზაფხულში დავასრულებთ ამ პროცესს“,-ამბობს ფანგანი.

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ იკისრა ვალდებულება გამჭვირვალე და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის შესახებ. ბაზრის ევროპული მოდელი მიწოდებისა და განაწილების ფუნქციების განცალკევებას გულისხმობს. მაგალითად, ადრე ამ ორივე ფუნქციას კომპანია „თელასი“ ასრულებდა, მაგრამ რეფორმის შემდეგ მას გამოეყო მიწოდების ფუნქცია და 2021 წლის პირველი ივლისიდან თბილისში მიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ გახდა. რეფორმის შემდეგ „თელასის“ საკუთრებაში დარჩა გადამცემი ხაზები და მრიცხველები და თბილისში ელექტროქსელის მომსახურება და მართვა ისევ მისი ვალდებულებაა. „თელმიკო“ კი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები