სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ ამ ეპატზე გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდის შესახებ მიღებული არ არის.
„ისინი არ მოითხოვენ ტარიფის ზრდას, მათ მოაქვთ ფინანსური დოკუმენტაცია, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის მარეგულირებელი აუდიტიც იწყება, ასევე შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად კომპანიების სატარიფო განაცხადში არსად არ არის ფიქსირებული მოთხოვნა, რამდენი უნდა იყოს ტარიფი. ეს ბატონმა გიორგიმ (გუგავამ) იცის ძალიან კარგად, მათ გათხოვილი აქვთ სატარიფო განაცხადი წინა სატარიფო განხილვებზე. მათ იციან, რომ კომპანიები არ ითხოვენ და ვერ მოითხოვენ, იმიტომ რომ მარეგულირებელ კომისიაზეა დამოკიდებული, რომელ ხარჯს აღიარებს ხარჯად და რომელ შემოსავალს აღიარებს შემოსავლად.
ამ დარბაზში მე თქვენ ტყუილს არ გათმევინებთ“, - მიმართა სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გიორგი გუგავას, რომელიც სემეკში მიმდინარე სხდომას ესწრება.
ცნობისთვის: სემეკში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.
როგორც კომისიის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის დაანგარიშება იწყება შემდეგი კომპანიებისთვის: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“.
გარდა ამისა, დღესვე იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ტარიფების გეგმიური გადახედვა ბუნებრივი გაზის სექტორისთვის არის გათვალისწინებული. ამ მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების დაანგარიშებისას გასულ წელს მარეგულირებელ კომისიას აღებული ჰქონდა კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 66 თეთრი.

























