მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტარიფის “ფარული სუბსიდირება” სახელმწიფო კომპანიას 2 წელში ₾500 მილიონი დაუჯდა

615aeeef22abe
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.21 16:17
1602
2012 წელს დედაქალაქის მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 50.62 თეთრი იყო, ამჟამად კი ის 53.97 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელთან შედარებით დღეს გაზის ტარიფი მხოლოდ 3.35 თეთრით, ანუ 6.6%-ით უფრო ძვირია.

თუმცა ეს საბაზრო პირობებიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელი შედეგია, რადგან საქართველოში გაზი 100%-ით იმპორტირებულია და ქვეყანა მის საფასურს აშშ დოლარში იხდის, ერთი დოლარის ღირებულება კი დღეს 88%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო. მაშინ ისმის კითხვა, თუ რა მექანიზმის გავლენით შენარჩუნდა გაზის ტარიფის შედარებით უცვლელი დონე, მაშინ როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა.

ამას ორი მიზეზი აქვს, ერთია აზერბაიჯანთან, ანუ ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებელთან არსებული შეთანხმებების მოდიფიცირება და შესასყიდი გაზის ღირებულების გადახედვა. თუმცა, ეს ხელშეკრულებები საიდუმლოებას წარმოადგენს, შესაბამისად საზოგადოებისთვის ფასის კლების ზუსტი მოცულობა უცნობია.

მეორე მიზეზი კი გაზის ტარიფის “ირიბი/ფარული” სუბსიდირებაა, რასაც ბაზარზე 2013 წლიდან აქვს ადგილი. ტარიფების განახევრების დაპირებით მოსულმა “ქართული ოცნების” მთავრობამ 2013 წლის მარტში “ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, რომელიც მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი და აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების მხარეა, საკუთარი მოგების ხარჯზე, ბუნევრივი აირის სარეალიზაციო ღირებულების შემცირება დაავალა. შესაბამისად, მთავრობის დავალებით, კორპორაციამ გაზის ტარიფის სუბსიდირება 2013 წლიდან დაიწყო. მაშინ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი 5 თეთრით შეამცირა.

მას შემდეგ კომპანიის მიერ გაზის ტარიფის სუბსიდირების ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის მიერ სოციალური სექტორისთვის გაზის სარეალიზაციო ფასზე გაკეთებული შეღავათი/სუბსიდია 1000 კუბურ მეტრზე 15 დოლარი იყო, 2019 წელს ის 25.4 დოლარამდე, 2020 წელს კი 40.51 დოლარამდე გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო კორპორაციის მიერ მოსახლეობისთვის გაზის სარეალიზაციო ფასის სუბსიდირებას ფისკალურ რისკად მიიჩნევს და მას ე.წ. “კვაზი-ფისკალური” საქმიანობის სტატუსს ანიჭებს. სამინისტროს ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო კომპანიას 2020 წელს გაზის ტარიფის სუბსიდირება 199 მილიონი ლარი დაუჯდა, 2021 წელს კი ამ საქმიანობის საპროგნოზო მოცულობას ფინანსთა სამინისტრო 302 მილიონ ლარად აფასებს. ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო 2 წელში გაზის ტარიფის სუბსიდია კორპორაციას 500 მილიონი ლარი დაუჯდა.

ფინანსთა სამინისტროს მიხედვით:

● “2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს.
● ცხრილი ასახავს სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსურ მაჩვენებლებს კომერციული ტარიფით გაყიდვის შემთხვევაში და განცალკევებით კვაზი-ფისკალური აქტივობის შედეგად წარმოქმნილ მიუღებელ შემოსავალს, რაც 2020 წლისთვის აღემატება 199 მილიონ ლარს, რაც პანდემიის გამო მოსახლეობის მხარდაჭერისთვის სოციალური ტარიფის საშუალო გასაყიდი ფასის 40.51 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე შემცირების შედეგია. 2019 წელს სოციალური ტარიფი შემცირბული იყო 25.4 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე.
● 2021 წლისთვის კომპანიის მიერ საყოფაცხოვრებო სექტორის გაზის მომხმარებლის ტარიფის სუბსიდირების შედეგად მოსალოდნელია 302.2 მლნ ლარით ნაკლები შემოსავლის მიღება,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.

თუკი ამას დავუმატებთ პირდაპირ სუბსიდიას, რაც პანდემიის დროს ზამთრის თვეებში ბიუჯეტმა გასწია, მივიღებთ, რომ სახელმწიფო კორპორაციას და გადასახადის გადამხელებს გაზის საბაზროზე დაბალი ტარიფის შენარჩუნება ჯამში 700 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები